ძველი სტილით 23 აპრილიბრწყინვალე შვიდეული

ბრწყინვალე შვიდეულის სამშაბათი.

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

დიდმოწამისა: ცისკარზე: ლუკა 12,2-12

2. ხოლო არარაჲ არს დაფარული, რომელი არა გამოცხადნეს, და დამალული, რომელი არა საცნაურ იყოს. 3. ამისათჳს რომელი ბნელსა შინა სთქუათ, ნათელსა შინა ისმეს, და რომელსა ყურსა ეტყოდით საუნჯეთა შინა, იქადაგოს ერდოთა ზედა. 4. ხოლო გეტყჳ თქუენ, მეგობართა ჩემთა: ნუ გეშინინ მათგან, რომელთა მოსწყჳდნენ ჴორცნი და ამისა შემდგომად ვერარაჲ აქუს უმეტესი, რაჲ გიყონ თქუენ. 5. ხოლო გიჩუენო თქუენ, ვისა გეშინოდის: გეშინოდენ მისა, რომელსა შემდგომად მოწყუედისა ჴელ-ეწიფების შთაგდებად გეჰენიასა. ჰე, გეტყჳ თქუენ, მისა გეშინოდენ. 6. ანუ არა ხუთი სირი განისყიდების ორის ასარის? და ერთიცა მათგანი არა არს დაფარულ წინაშე ღმრთისა. 7. არამედ თმანიცა თავისა თქუენისანი ყოველნი განრაცხილ არიან. ნუუკუე გეშინინ, რამეთუ მრავალთა სირთა უმჯობეს ხართ. 8. ხოლო გეტყჳ თქუენ: ყოველმან რომელმან აღიაროს ჩემდა მომართ წინაშე კაცთა, ძემანცა კაცისამან აღიაროს იგი წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 9. და რომელმან უვარ-მყოს მე წინაშე კაცთა, უვარ-იქმნეს იგიცა წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა. 10. და ყოველმან რომელმან თქუას სიტყუჲ ძისა მიმართ კაცისა, მიეტეოს მას. ხოლო სულისა წმიდისა მგმობარსა არა მიეტეოს. 11. და ოდეს შეგიყვანნენ თქუენ შესაკრებელთა და წინაშე მთავართა და ჴელმწიფეთა, ნუ ჰზრუნავთ, ვითარ, ანუ რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ, ანუ რაჲ სთქუათ, 12. რამეთუ სულმან წმიდამან გასწაოს თქუენ მას ჟამსა შინა, რაჲ-იგი სთქუათ.

საქმე მოციქულთა 2,14-21

14. ხოლო პეტრე დადგა შორის ათერთმეტთა მათ და აღიმაღლა ჴმაჲ და ეტყოდა მათ: კაცნო ჰურიანო და ყოველნი რომელნი დამკჳდრებულ ხართ იერუსალჱმს! ესე თქუენდა ცხად იყავნ და ყურად-იხუენით სიტყუანი ჩემნი, 15. რამეთუ არა, ვითარ თქუენ ჰგონებთ, ვითარმედ ამათ სთრავს, რამეთუ არს ჟამი დღისაჲ ამის მესამე. 16. არამედ ესე არს თქუმული იგი იოელ წინასწარმეტყუელისა მიერ: 17. და იყოს უკუანაჲსკნელთა დღეთა, – იტყჳს უფალი ღმერთი, – მივჰფინო სულისაგან ჩემისა ყოველსა ზედა ხორციელსა და წინასწარმეტყუელებდენ ძენი თქუენნი და ასულნი თქუენნი და ჭაბუკნი თქუენნი ხილვასა იხილვიდენ და მოხუცებულთა თქუენთა ჩუენებით განვეცხადო, 18. და მონათა ჩემთა ზედა და მჴევალთა ჩემთა ზედა მათ დღეთა შინა მივჰფინო სულისაგან ჩემისა და წინასწარმეტყუელებდენ. 19. და ვსცე ნიშებ ცათა შინა და სასწაულ ქუეყანასა ზედა, სისხლი და ცეცხლი და არმური კუამლისაჲ; 20. მზე გარდაიქცეს ბნელად და მთოვარე სისხლად პირველ ვიდრე მოწევნადმდე დღისა მის უფლისა დიდისა და განჩინებულისა. 21. და იყოს ყოველმან რომელმან ჰხადოს სახელსა უფლისასა, ცხოვნდეს.

ლუკა 24,12-35

12. ხოლო პეტრე აღდგა და მირბიოდა საფლავად და შთაჰხედნა საფლავსა მას და იხილნა ტილონი იგი ხოლო მდებარენი და წარვიდა თჳსაგან და დაუკჳრდა საქმე ესე. 13. და აჰა ორნი მათგანნი მოვიდოდეს მასვე დღესა შინა დაბასა, რომელი შორავს იერუსალჱმსა სამეოც უტევან, რომლისა სახელი ემმაოს. 14. და ესენი ზრახვიდეს ურთიერთას ყოვლისა ამისთჳს, რომელი იქმნა. 15. და იყო ზრახვასა მას მათსა და გამოძიებასა, და თავადი იესუ მიეახლა მათ და თანა-უვიდოდა. 16. ხოლო თუალნი მათნი შეპყრობილ იყვნეს, რაჲთა ვერ იცნან იგი. 17. და ჰრქუა მათ: რაჲ არიან სიტყუანი ესე, რომელთა იცილობით ურთიერთას სლვასა შინა და ხართ თქუენ მწუხარე? 18. მიუგო ერთმან მათგანმან, რომლისა სახელი კლეოპა, და ჰრქუა მას: შენ ხოლო მწირ ხარ იერუსალჱმს და არა სცანა, რაჲ-ესე იქმნა მას შინა ამათ დღეთა? 19. და მან ჰრქუა მათ: რომელი? ხოლო მათ ჰრქუეს: იესუჲსთვს ნაზარეველისა, რომელი იყო კაცი წინაწარმეტყუელი, ძლიერი საქმითა და სიტჳთა, მისითა წინაშე ღმრთისა და ყოვლისა ერისა; 20. ვითარ-იგი მისცეს მღდელთ-მოძღუართა და მთავართა ჩუენთა სასჯელსა სიკუდილისასა და ჯუარს-აცუეს იგი. 21. ხოლო ჩუენ ვესავთ, ვითარმედ იგი არს, რომელმან იჴსნეს ისრაელი; და ამას ყოველსა თანა ესე მესამე დღე არს, ვინაჲთგან ესე იქმნა. 22. არამედ დედათაცა ვიეთმე ჩუენთაგანთა დამაკჳრვნეს ჩუენ, ვითარ-იგი მივიდეს ცისკარსა საფლავსა მას 23. და არა პოვეს გუამი მისი. მოვიდეს და თქუეს, ვითარმედ ხილვაჲცა ანგელოზთაჲ იხილეს, რომელთა ჰრქუეს მათ, ვითარმედ: ცხოველ არს იგი. 24. და მი-ვინმე-ვიდეს ჩუენგანნიცა საფლავად და პოვეს ეგრე, ვითარცა დედათა მათ თქუეს, ხოლო იგი თავადი ვერ იხილეს. 25. ხოლო მან ჰრქუა მათ: ჵ უცნობელნო და მძიმენო გულითა სარწმუნოებისათჳს ყოველსა ზედა, რომელსა იტყოდეს წინაწარმეტყუელნი! 26. ანუ არა ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და შესლვად დიდებასა თჳსსა? 27. და იწყო მოსესითაგან და წინაწარმეტყუელთა და გამოუთარგმანებდა მათ ყოველთაგან წიგნთა მისთჳს. 28. და მიეახლნეს დაბასა მას, ვიდრეცა ვიდოდეს, ხოლო თავადმან მიზეზ-ყო უშორესადრე წარსლვაჲ. 29. ხოლო იგინი აიძულებდეს მას და ეტყოდეს: დაადგერ ჩუენ თანა, რამეთუ მწუხრ არს, და მიდრეკილ არს დღე. და შევიდა დადგომად მათ თანა. 30. და იყო ინაჴით-ჯდომას მას მისსა მათ თანა მოიღო პური, აკურთხა და განტეხა და მისცემდა მათ. 31. ხოლო მათ თუალნი მათნი განეხუნეს და იცნეს იგი. და თავადი მიეფარა მათგან. 32. და იგინი იტყოდეს ურთიერთას: ანუ არა გულნი ჩუენნი განჴურვებულ იყვნეს ჩუენ შორის, ვითარ-იგი მეტყოდა ჩუენ გზასა ზედა და ვითარ-იგი გამომითარგმანებდა ჩუენ წიგნთა? 33. და აღდგეს მასვე ჟამსა შინა და მოიქცეს იერუსალჱმდ და პოვნეს კრებულად ათერთმეტნი იგი და სხუანი მათთანანი, 34. იტყოდეს რაჲ, ვითარმედ: ნანდჳლვე აღდგა უფალი და ეჩუენა სიმონს. 35. და იგინი უთხრობდეს გზისასა მას და ვითარ იგი გამოეცხადა მათ განტეხასა მას პურისასა.

ლიტურგიაზე : საქმე მოციქულთა 12,1-11

1. მას ჟამსა შინა ჴელი მიყო ჰეროდე მეფემან ძჳრის ყოფად რომელთამე ეკლესიისაგანთა 2. და მოკლა იაკობ, ძმაჲ იოვანესი, მახჳლითა. 3. და ვითარცა იხილა, რამეთუ სათნო უჩნდა ჰურიათა მათ, შესძინა შეპყრობაჲ პეტრესიცა. ხოლო იყვნეს დღენი იგი უცომოებისანი. 4. და შე-რაჲ-იპყრა იგი, შესუა საპყრობილესა და მისცა იგი ოთხთა ოთხეულთა ერისაგანთა ცვად. ესრეთ ეგულებოდა, რაჲთა შემდგომად ზატიკისა აღიყვანოს იგი და მისცეს ერსა მას. 5. და პეტრე ცვულ იყო საპყრობილესა მას შინა. ხოლო ლოცვაჲ გულს-მოდგინედ იყოფოდა ეკლესიათა მიერ ღმრთისა მიმართ მისთჳს. 6. რაჟამს უკუე ეგულებოდა ჰეროდეს გამოყვანებად და მიცემად ჴელთა მათთა, მას ღამესა ეძინა პეტრეს შორის ორთა ერისაგანთა, შეკრულსა ჯაჭჳთა მრჩობლითა, და მჴუმილნი იგი წინაშე კართა სცვიდეს საპყრობილესა მას. 7. და აჰა ანგელოზი უფლისაჲ ზედა მოადგა, და ნათელი გამობრწყინდა სახლსა მას შინა, და სცა გუერდსა პეტრესსა, და განაღჳძა იგი და ჰრქუა მას: აღდეგ ადრე. და დასცჳვეს ჯაჭუნი იგი ჴელთაგან მისთა. 8. ჰრქუა მას ანგელოზმან მან: მოირტყ და შეისხენ სანდალნი შენნი. და მან ყო ეგრეთ. და ჰრქუა მას: შეიმოსე სამოსელი შენი და შემომიდეგ მე. 9. და განვიდა და შეუდგა მას, და არა უწყოდა, ვითარმედ ჭეშმარიტ არს, რომელი-იგი იყო ანგელოზისა მისგან; ეგრე ჰგონებდა, ვითარმედ ჩუენებასა იხილავს. 10. და ვითარ განვლეს მათ პირველი საჴუმილავი და მეორე, მიიწინეს იგინი ბჭეთა მათ რკინისათა, რომელი შევიდოდა ქალაქად, რომელცა-იგი თჳთ განეღო მათ. და ვითარცა განვლეს იგი, წარვლეს უბანი ერთი, და მეყსეულად განეშორა მისგან ანგელოზი იგი. 11. და პეტრე მოეგო გონებასა თჳსსა და თქუა: აწ უწყი ჭეშმარიტად, რამეთუ მოავლინა ღმერთმან ანგელოზი თჳსი და განმარინა მე ჴელთაგან ჰეროდესთა და ყოვლისაგან მოლოდებისა ერისა მის ჰურიათაჲსა.

იოანე 15,17-16,2

17. ამას გამცნებ თქუენ, რაჲთა იყუარებოდით ურთიერთას. 18. უკეთუ სოფელი გძულობს თქუენ, უწყოდეთ, რამეთუ პირველად მე მომიძულა. 19. უკუეთუმცა სოფლისაგანნი იყვენით, სოფელიმცა თჳსთა ჰყუარობდა; რამეთუ არა სოფლისაგანნი ხართ თქუენ, არამედ მე გამოგირჩიენ თქუენ სოფლისაგან, ამისთჳს სძულთ თქუენ სოფელსა. 20. მოიჴსენეთ სიტყუაჲ იგი, რომელ გარქუ თქუენ: არა არს მონაჲ უფროჲს უფლისა თჳსისა. უკუეთუ მე მდევნეს, თქუენცა გდევნნენ; უკუეთუ სიტყუანი ჩემნი დაიმარხნეს, თქუენნიცა დაიმარხნენ. 21. არამედ ესე ყოველი გიყონ თქუენ სახელისა ჩემისათჳს, რამეთუ არა იციან მომავლინებელი ჩემი. 22. უკუეთუმცა არა მოვედ და ვეტყოდე მათ, ცოდვაჲმცა არა აქუნდა; ხოლო აწ მიზეზი არა აქუს ცოდვათა მათთათჳს. 23. რომელსა ვსძულდე მე, მამაჲცა ჩემი სძულს. 24. უკეთუმცა არა ვქმნენ საქმენი იგი მათ შორის, რომელნი სხუამან არავინ ქმნნა, ცოდვაჲმცა არა აქუნდა. ხოლო აწ მიხილეს და მომიძულეს მეცა და მამაჲცა ჩემი. 25. არამედ რაჲთა აღესრულოს სიტყუაჲ იგი, რომელი სჯულსა მათსა წერილ არს, რამეთუ: მომიძულეს მე ცუდად. 26. ხოლო რაჟამს მოვიდეს ნუგეშინის-მცემელი იგი, რომელი მე მოვავლინო თქუენდა მამისა ჩემისა მიერ, სული ჭეშმარიტებისაჲ, რომელი მამისაგან გამოვალს, მან წამოს ჩემთჳს. 27. და თქუენცა მოწამე ხართ, რამეთუ დასაბამითგან ჩემ თანა ხართ. 1. ამას გეტყოდე თქუენ, რაჲთა არა დაჰბრკოლდეთ. 2. კრებულისაგან განგასხნენ თქუენ. არამედ მოვალს ჟამი, რაჲთა ყოველმან რომელმან მოგწყჳდნეს თქუენ, ჰგონებდეს, ვითარმედ მსხუერპლი შეწირა ღმრთისა.