საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 21,12-19
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
ლიტურგიაზე: მოწამეთა: ებრაელთა მიმართ 12,1-10
1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. 4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? 10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
მათე 20,1-16
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.
მწუხრზე: შესაქმე 8,21-9,7
21. და თქუა უფალმან ღმერთმან: შევინანე, არ-ღა შევსძინო მერმე წყევად ქუეყანისა საქმეთათჳს კაცთასა, რამეთუ შეყოფილ არს მომგონებელობაჲ კაცისა მოსწრაფებით ბოროტთა და სიჭაბუკითგან მისით, არ-ღა შევსძინო უკუე მოსპოლვად მერმე ყოვლისა ჴორცისა ცხოველისა. 22. ვითარ-ცა ვჰყავ და ყოველთა დღეთა ქუეყანისათა თესვად და მკად, სიგრილე და სიცხე, ზაფხული და არე, და დღე და ღამე არა მოაკლდენ. 1. და აკურთხნა ღმერთმან ნოე და ძენი მისნი და ჰრქუა მათ აღორძნდით, და განმრავლდით და აღავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას. 2. და შიში თქუენი და ძრწოლაჲ თქუენი იყოს ყოველთა ზედა მჴეცთა ქუეყანისათა და ყოველთა ზედა მფრინველთა ცისათა და ყოველთა ზედა იძრვისთა ქუეყანისათა და ყოველნი თევზნი ზღჳსანი ჴელის ქუეშე მიგცე თქუენ. 3. და ყოველი ქუეწარმავალი, რომლისა არს სიცოცხლე, თქუენდა იყოს საჭამადად ვითარ-ცა მხალი თივისაჲ, მიგცენ თქუენ ყოველნი. 4. გარნა ჴორცი სისხლითურთ სულისათ არა სჭამოთ. 5. და რამეთუ სისხლიცა თქუენი სულთა თქუენთა გამოვიძიო ჴელისაგან მჴეცთასა და გამოვიძიო იგი ჴელისაგან კაცისა ძმისა მისისა გამოვიძიო სული კაცისა. 6. და დამთხეველისა სისხლსა კაცისასა ნაცვლად სისხლისა მისისა დაითხიოს, რამეთუ ხატად ღმრთისა შევქმენ კაცი. 7. ხოლო თქუენ აღორძნდით და განმრავლდით და განავსეთ ქუეყანა და ეუფლენით მას.
იგავთა 11,19-12,6
19. შვილი მართალი იშვის ცხორებად, ხოლო დევნულებაჲ უღმრთოთა სიკუდიდ. 20. საძაგელ უფლისა გულარძნილნი გზანი; შეწყნარებულ მისსა ყოველნი უბიწონი, 21. რომელმან ჴელი ჴელსა მისცეს სიცრუვით, არა უტანჯველ იყოს; ხოლო, რომელი სთესვიდეს სიმართლესა, მოიღოს სასყიდელი სარწმუნო. 22. ვითარცა საყური ყელსა ღორისასა - დედაკაცსა სახებოროტსა - სიკეთე. 23. გულისთქუმაჲ მართლისაჲ ყოველივე კეთილ, ხოლო სასოებაჲ უღმრთოთა წარწყმდეს. 24. არიან, რომელნი თესლსა სთესვენ და უფროჲსსა შეიკრებენ, და არიან, რომელნი შეიკრებენ სხუათასა და მოაკლდების. 25. სული კურთხეული ყოველივე წრფელ, ხოლო კაცი გულმწყრალი არა შუენიერ. 26. რომელმან შეიკრძალოს იფქლი, დაუშთის იგი წარმართთა, და რომელნი ძნელად ჰყოფდენ იფქლსა, ერის წყეულ იყავნ, ხოლო კურთხევაჲ უფლისაჲ თავსა ზედა უხჳსასა. 27. რომელი იქმოდის კეთილსა, ეძიებს მადლსა კეთილსა, ხოლო რომელი გამოეძიებს ბოროტსა, ეწიოს მასვე. 28. რომელი ესვიდეს სიმდიდრესა, დაეცეს, ხოლო, რომელი ეწეოდის მართალსა, იგი განბრწყინდეს. 29. რომელი არა შეეზავებოდის სახლსა თჳსსა, მან დაიმკჳდრნეს ქარნი, და ჰმონებდეს უგუნური ბრძენსა. 30. ნაყოფისაგან სიმართლისა აღმოსცენდეს ხე ცხორებისა; მიეხუნენ უჟამოსა სულნი უშჯულოთანი. 31. უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადაღამე იპოოს? 1. რომელსა უყუარდეს სწავლაჲ, უყუარს მას ბრძნულებაჲ, ხოლო, რომელსა სძულდეს მხილებაჲ, უგუნურ არს. 2. უმჯობეს არს, რომელმან პოვა მადლი უფლისა მიერ ღმრთისა, ხოლო კაცი უშჯულოჲ დაიდუმოს. 3. ვერ წარემართოს კაცსა უსჯულოებისაგან, ხოლო ძირნი მართალთანი არა აღიფხურნენ. 4. დედაკაცი მჴნე და გონიერი გჳრგჳნი არს ქმრისა თჳსისა, ხოლო, ვითარცა ძელსა მღილი, ეგრეთ წარწყმიდის ქმარი თჳსი დედაკაცმან ბოროტისმოქმედმან. 5. გულისსიტყუანი მართალთანი სამშჯავროჲ, ხოლო უღმრთონი იღუწიდენ ზაკვასა. 6. სიტყუანი უშჯულოთანი ზაკვენ სისხლთა სისხლვად, ხოლო პირმან მართალთამან იჴსნეს იგინი.


