საკითხავები
ხუთშაბათის: რომაელთა მიმართ 5,10-16
10. უკუეთუ მტერ რაჲ ვიყვენით, დავეგენით ღმერთსა სიკუდილითა ძისა მისისაჲთა, რაოდენ უფროჲს აწ, და-რა-ვეგენით, ვცხონდეთ მაცხოვარებითა მისითა! 11. არა ესე ოდენ ხოლო, არამედ ვიქადითცა ღმრთისა მიმართ იესუ ქრისტეს მიერ უფლისა ჩუენისა, რომლისაგან აწ დაგებაჲ ესე მოვიღეთ. 12. ამისთჳს, ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისათჳს ცოდვაჲ სოფლად შემოჴდა და ცოდვისა ძლით - სიკუდილი, და ესრეთ ყოველთა კაცთა ზედა სიკუდილი მოიწია, რომლითა ყოველთა შესცოდეს. 13. რამეთუ შჯულისა მოწევნადმდე ცოდვაჲ იყო სოფელსა შინა, ხოლო ცოდვად არად შერაცხილ იყო თჳნიერ შჯულისა. 14. არამედ სუფევდა სიკუდილი ადამისითგან ვიდრე მოსესადმდე და მათ ზედაცა, რომელთა-იგი არა ეცოდა მსგავსად გარდასლვისა მის ადამისა, რომელი-იგი არს სახე მერმეთა მათ ჟამთაჲ. 15. არამედ არა ვითარ შეცოდებაჲ და ეგრეთცა მადლი; რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა მრავალნი მოსწყდეს, რაოდენ უფროჲს მადლი იგი ღმრთისაჲ და ნიჭი იგი მადლითა მით ერთისა მის კაცისა იესუ ქრისტესითა მრავალთა მიმართცა აღემატა! 16. და არა ვითარცა ერთისა შეცოდებულისათჳს ნიჭი იგი, რამეთუ საშჯელი იგი ერთისა მისგან დასაშჯელად, ხოლო მადლი იგი მრავალთაგან შეცოდებათა განსამართლებელად.
მათე 8,23-27
23. და აღვიდა იგი ნავსა, და მისდევდეს მოწაფენი მისნი. 24. და აჰა ესერა აღძრვაჲ იყო დიდი ზღუასა შინა, ვიდრე დაფარვადმდე ნავისა ღელვათაგან. ხოლო თავადსა ეძინა. 25. და მოუჴდეს მას მოწაფენი მისნი და აღადგინეს იგი და ეტყოდეს: უფალო, მიჴსნენ ჩუენ, რამეთუ წარვწყმდებით. 26. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეშინდით, მცირედ-მორწმუნენო? მაშინ აღდგა და შეჰრისხნა ქართა მათ და ზღუასა. და იქმნა მეყსეულად დაყუდება დიდ. 27. ხოლო კაცთა მათ უკჳრდა და იტყოდეს: რაბამ ვინმე არს ესე, რამეთუ ქარნიცა და ზღუაჲ ერჩიან მას?
პარასკევის: რომაელთა მიმართ 5,17-6,2
17. რამეთუ უკუეთუ ერთისა მის შეცოდებითა სიკუდილი სუფევდა ერთისა მისგან, რაოდენ უფროჲს, რომელნი-იგი უმეტესსა მას მადლისასა და ნიჭსა სიმართლისასა მიიღებენ ცხორებასა შინა სუფევდენ ერთისა მისგან იესუ ქრისტესა. 18. ვითარცა-იგი ერთისა მის შეცოდებისაგან ყოველთა კაცთა ზედა დასაშჯელად, ეგრეცა ერთისა მის სიმართლისათჳს ყოველთა კაცთა ზედა განსამართლებელად ცხორებისა. 19. რამეთუ ვითარცა-იგი ერთისა მის კაცისა ურჩებითა ცოდვილნი შემოჴდეს მრავალნი, ეგრეცა ერთისა მის კაცისა მორჩილებითა მართალნი შემოვიდენ მრავალნი. 20. რამეთუ შჯული შორის შემოვიდა, რაჲთა განმრავლდეს ცოდვაჲ, და სადა-იგი განმრავლდა ცოდვაჲ, მუნ უფროჲსად გარდაემატა მადლი, 21. რაჲთა, ვითარცა-იგი სუფევდა ცოდვაჲ სიკუდილსა შინა, ეგრეცა მადლი სუფევდეს სიმართლისა მიერ ცხორებად საუკუნოდ ქრისტეს იესუჲს მიერ უფლისა ჩუენისა. 1. რაჲ-მე უკუე ვთქუათ აწ? და-მე-ვადგრეთა ცოდვასა მას ზედა, რაჲთა მადლი განმრავლდეს? ნუ იყოფინ! 2. რომელნი-ესე მოვკუედით ცოდვითა, ვითარ უკუე მერმე ვცხონდებოდით მას შინა?
მათე 9.14-17
14. მაშინ მოუჴდეს მას მოწაფენი იოვანესნი და ეტყოდეს: რაჲსათჳს ჩუენ და ფარისეველნი ვიმარხავთ ფრიად, ხოლო მოწაფენი შენნი არა იმარხვენ? 15. ჰრქუა მათ იესუ: ჴელ-მე-ეწიფებისა ძეთა სიძისათა გლოვად, ვიდრემდე მათ თანა არს სიძე? მოვლენან დღენი, რაჟამს ამაღლდეს მათგან სიძე იგი, და მაშინ იმარხვიდენ. 16. არავინ დაადგის სადგმელი უმურკნველი სამოსელსა ძუელსა, რამეთუ აღიღის სავსებაჲ სამოსლისა მისგან, და უფროჲსი განხეთქილებაჲ იქმნის. 17. არცა შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ძუელთა, რაჲთა არა განსთქდენ თხიერნი, და ღჳნოჲ დაითხიოს, და თხიერნი წარწყმდენ. არამედ შთაასხიან ღჳნოჲ ახალი თხიერთა ახალთა, და ორნივე დაიმარხნიან.


