საკითხავები
ხუთშაბათის: საქმე მოციქულთა 10,34-43
34. აღაღო პეტრე პირი თჳსი და თქუა: ჭეშმარიტად ვიცი, რამეთუ არა არს თუალთ-ღება ღმრთისა თანა, 35. არამედ ყოველთა შორის თესლთა რომელსა ეშინის მისა და იქმს სიმართლესა, სათნო მისა არს. 36. სიტყუაჲ იგი, რომელი მოუვლინა ძეთა ისრაჱლისათა მახარებლად მშჳდობისა იესუ ქრისტეს მიერ, ესე თავადი არს უფალი ყოველთაჲ. 37. თქუენ თჳთ უწყით სიტყუაჲ იგი, რომელი იყო ყოველსა ზედა ჰურიასტანსა, რომელმან-იგი იწყო გალილეაჲთ შემდგომად ნათლის-ცემისა, რომელსა-იგი ქადაგებდა იოვანე: 38. იესუს ნაზარეველსა, რომელსა-იგი სცხო ღმერთმან სულითა წმიდითა და ძალითა, რომელი-იგი მოვიდა ქველის მოქმედად და განკურნებად ყოველთა მიმძლავრებულთა ეშმაკისათა, რამეთუ ღმერთი იყო მის თანა. 39. და ჩუენ მოწამე ვართ ყოველთათჳს, რომელნი ქმნნა სოფელსა მას ჰურიასტანისასა და იერუსალჱმს შინა, რომელცა-იგი მოკლეს დამოკიდებითა ძელსა ზედა. 40. ესე ღმერთმან აღადგინა მესამესა დღესა და მისცა მას განცხადებულებაჲ, 41. არა ყოვლისა ერისაჲ, არამედ მოწამეთა ამათ, რჩეულთა წინაჲსწარვე ღმრთისა მიერ, ჩუენ, რომელნი მის თანა ვჭამდით და ვსუემდით შემდგომად მკუდრეთით აღდგომისა მისისა. 42. და მამცნო ჩუენ ქადაგებად ერისა და წამებად, რამეთუ იგი თავადი არს განჩინებული ღმრთისა მიერ, მსაჯული ცხოველთა და მკუდართაჲ. 43. ამას ყოველნი წინასწარმეტყუელნი ეწამებიან მოტევებასა ცოდვათასა მოღებად სახელითა მისითა ყოველთა რომელთა ჰრწმენეს მისა მიმართ.
იოანე 8,12-20
12. მერმეცა ეტყოდავე იესუ და ჰრქუა მათ: მე ვარ ნათელი სოფლისაჲ. რომელი შემომიდგეს მე, არა ვიდოდის ბნელსა, არამედ აქუნდეს ნათელი ცხორებისაჲ. 13. ჰრქუეს მას ფარისეველთა: შენ თავისა შენისათჳს სწამებ, და წამებაჲ შენი არა არს ჭეშმარიტ. 14. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: დაღაცათუ მე ვწამო თავისა ჩემისათჳს, ჭეშმარიტ არს წამებაჲ ჩემი, რამეთუ ვიცი, ვინაჲ მოსრულ ვარ და ვიდრე მივალ; ხოლო თქუენ არა იცით, ვინაჲ მოვედ და ვიდრე ვალ. 15. თქუენ ჴორცთაებრ სჯით, ხოლო მე არავის ვსჯი. 16. უკუეთუ ვსჯიდე მე, სასჯელი ჩემი ჭეშმარიტ არს, რამეთუ არა ვარ მარტოჲ, არამედ მე და მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 17. რამეთუ სჯულსაცა თქუენსა წერილ არს, ვითარმედ: ორისა კაცისა წამებაჲ ჭეშმარიტ არს. 18. მე ვარ, რომელი ვწამებ ჩემთჳს, და წამებს ჩემთჳს მომავლინებელი ჩემი მამაჲ. 19. ჰრქუეს მას ჰურიათა მათ: სადა არს მამაჲ შენი? მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: არცა მე მიცით, არცა მამაჲ ჩემი. უკუეთუმცა მიცოდეთ მე, მამაჲცამცა ჩემი იცოდეთ. 20. ამას სიტყუასა ეტყოდა ფასის საცავსა მას თანა და ასწავებდა ტაძარსა შინა. და არავინ შეიპყრა იგი, რამეთუ არღა მოსრულ იყო ჟამი მისი.
პარასკევის: საქმე მოციქულთა 10,44-11,10
44. და ვიდრე-იგი იტყოდა-ღა პეტრე სიტყუათა ამათ, მოვიდა სული წმიდაჲ და დაადგრა ყოველთა ზედა, რომელთა ესმოდა სიტყუაჲ იგი, 45. და დაუკჳრდა წინა-დაცუეთილებისაგანთა მორწმუნეთა, რაოდენნი-იგი შევიდეს პეტრეს თანა, რამეთუ წარმართთაცა ზედა ნიჭი იგი სულისა წმიდისაჲ მიფენილ არს, 46. რამეთუ ესმოდა მათი, იტყოდეს რაჲ ენათა, და ადიდებდეს ღმერთსა. მაშინ მიუგო პეტრე და ჰრქუა: 47. წყლისაგან ნუ რაჲ ყენებაჲ არსა არა ნათლის-ცემაჲ ამათი, რომელთა-ესე სული წმიდაჲ მიიღეს, ვითარცა-იგი ჩუენ? 48. და უბრძანა მათ ნათლის-ღებად სახელითა იესუ ქრისტესითა. მაშინ ევედრნეს მას, რაჲთა დაადგრეს მათ თანა დღე რაოდენმე. 1. ხოლო ესმა მოციქულთა მათ და ძმათა, რომელნი იყვნეს ჰურიასტანს, ვითარმედ წარმართთაცა შეიწყნარეს სიტყუაჲ ღმრთისაჲ. 2. და რაჟამს აღვიდა პეტრე იერუსალჱმდ, ერიდებოდეს მას წინა-დაცუეთილებისაგანნი ძმანი, 3. და იტყოდეს, ვითარმედ: კაცთა მიმართ წინა-დაუცუეთელთა შეხუედ და მათ თანა სჭამე. 4. ხოლო პეტრე იწყო და მიუთხრა მათ შემდგომითი შემდგომად და ჰრქუა: 5. მე ვიყავ ქალაქსა შინა იოპესა და, ვილოცევდ რაჲ, ვიხილე განკჳრვებასა ჩემსა ჩუენებაჲ, რამეთუ გარდამოვიდოდა ჭურჭელი რაჲმე, ვითარცა ტილოჲ დიდი, ოთხთაგან კიდეთა დამოკიდებული ზეცით, და მოვიდა ვიდრე ჩემდამდე, 6. რომელსა მივხედენ და გავიცდიდი, და ვიხილე მას შინა ოთხფერჴი ქუეყანისაჲ და მჴეცნი და ქუეწარმავალნი და მფრინველნი ცისანი, 7. და მესმა ჴმაჲ, რომელი მეტყოდა მე: აღდეგ, პეტრე, დაკალ და ჭამე. 8. და მე ვთქუ: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ ბილწი რაჲვე გინა არაწმიდაჲ არასადა შესრულ არს პირსა ჩემსა. 9. მომიგო მე ჴმამან მან მეორედ ზეცით: რომელი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ ბილწ გიჩნ. 10. ესე იყო სამ გზის და კუალად აღმაღლდა ყოველი იგი ზეცად.
იოანე 8,21-30
21. მერმე ჰრქუა მათ იესუ: მე წარვალ, და მეძიებდეთ მე და არა მპოოთ და ცოდვათა შინა თქუენთა მოსწყდეთ; და ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად. 22. იტყოდეს ურთიერთას ჰურიანი იგი: ნუუკუე მოიკლავს თავსა თჳსსა, რამეთუ იტყჳს: ვიდრე-იგი მე მივალ, თქუენ ვერ ჴელ-გეწიფების მოსლვად? 23. და ეტყოდა მათ იესუ: თქუენ ქუეყანისაგანნი ხართ, ხოლო მე ზეცისაგანი ვარ; თქუენ ამის სოფლისაგანნი ხართ, ხოლო მე არა ამის სოფლისაგანი ვარ. 24. გარქუ თქუენ, ვითარმედ მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა; უკუეთუ არა გრწმენეს ჩემი, რამეთუ მე ვარ, მოსწყდეთ ცოდვათა შინა თქუენთა. 25. ეტყოდეს მას: და შენ ვინ ხარ? ჰრქუა მათ იესუ: პირველად, რამეთუ მე გეტყჳ თქუენ. 26. მრავალი მაქუს თქუენდა სიტყუად და განკითხვად, არამედ რომელმან მომავლინა მე, ჭეშმარიტ არს, და რაჲ-იგი მესმა მისგან, მას ვიტყჳ სოფელსა ამას შინა. 27. ხოლო მათ არა ცნეს, რამეთუ მამასა თჳსსა უთხრობდა მათ. 28. მერმე ჰრქუა მათ იესუ: ოდეს აღამაღლოთ ძე კაცისაჲ, მაშინ სცნათ, რამეთუ მე ვარ და თავით ჩემით არას ვიქმ, არამედ ვითარცა მასწავა მე მამამან, მასცა ვიტყჳ. 29. და რომელმან მომავლინა მე, ჩემ თანა არს; არა დამიტევა მე მარტოჲ მამამან, რამეთუ მე სათნოებასა მისსა ვიქმ მარადის. 30. ამას რაჲ იტყოდა, ჰრწმენა მრავალთა მისი.


