საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 21,12-19
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
ლიტურგიაზე: მოწამეთა: ებრაელთა მიმართ 12,1-10
1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. 4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? 10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
მათე 20,1-16
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.
მწუხრზე: შესაქმე 6,9-22
9. ნოე კაცი მართალი სრული იყო ნათესავსა შინა მისსა, ღმერთსა სათნო ეყო ნოე. 10. ხოლო შვნა ნოე სამ ძე: სემ, ქამ და იაფეთ. 11. ხოლო ქუეყანა განიხრწნა წინაშე ღმრთისა და აღივსო ქუეყანა უსამართლოებითა. 12. და იხილა უფალმან ღმერთმან ქუეყანა და იყო განხრწნილ, რამეთუ განხრწნა ყოველმან ჴორციელმან გზაჲ თჳსი ქუეყანასა ზედა. 13. და თქუა უფალმან ღმერთმან ნოეს მიმართ: ჟამი ყოვლისა კაცისა მოიწია წინაშე ჩემსა, რამეთუ აღივსო ყოველი ქუეყანა უსამართლოებითა. მათგან. და აჰა, მე განვხრწნი მათ და ქუეყანასა. 14. იქმენ უკუე თავისა შენისა კიდობანი ძელთაგან ოთხკედლედთა, ბუდებად ჰქმნა კიდობანი და მოჰკირო იგი შინათ და გარეთ კირითა. 15. და ესრეთ ჰქმნა კიდობანი, სამასი წყრთა - სიგრძე კიდობნისა და ერგასისი წყრთა - სივრცე. და ოცდაათი წყრთა - სიმაღლე მისი. 16. შეკრებულ-ჰყო კიდობანი და წყრთეულად შეასრულო იგი ზედა კერძო, ხოლო კარი კიდობნისა ჰქმნე იგურდივ ქვენად საყოფელად, ორ სართულებად და სამ სართულებად ჰყო იგი. 17. ხოლო მე მოვჰჴადო რღუნა წყლისა ქუეყანასა ზედა განხრწნად ყოვლისა ჴორცისა, რომლისა თანა არს სული სიცოცხლისა ცასა ქუეშე და, რაოდენიცა-რაჲ არს ქუეყანასა ზედა, აღესრულოს. 18. და დავამტკიცო აღთქმაჲ ჩემი შენ თანა, ხოლო შეხჳდე კიდობნად შენ და ძენი შენნი და ცოლი შენი. და ცოლნი ძეთა შენთანი, შენ თანა. 19. და ყოველთაგან ქუეწარმავალთა და ყოველთაგან საცხოვართა და ყოველთაგან მჴეცთა და ყოვლისაგან ჴორცისა; ორ-ორი ყოველთაგან შეიყვანო კიდობნად, რათა ჰზრდიდე თავისა შენისა თანა, მამალი და დედალი იყვნენ. 20. ყოველთაგან ფრთოანთა მფრინველთა ცისათა ნათესაობისაებრ და ყოველთაგან ქუეწარმავალთა, რომელნი ვლენან ქუეყანასა ზედა ნათესაობისაებრ მათისა, ორ-ორი ყოველთაგან შევიდეს შენ თანა ზრდად შენ თანა - მამალი და დედალი. 21. ხოლო შენ მიიღო თავისა შენისად ყოველთაგან ჭამადთა, რომელთა სჭამთ და შეჰკრიბო თავისა შენისა თანა და იყოს შენდა და მათდა საზრდელად 22. და ქმნნა ნოე ყოველნი, რაოდენნი ამცნო მას უფალმან ღმერთმან, ეგრეთ ქმნნა.
იგავთა 8,1-21
1. შვილო შენ სიბრძნესა ქადაგებდ, რათა გონიერებაჲ გერჩდეს შენ. 2. რამეთუ მაღალთა ზედა მწუერვალთა დგას და შორის ალაგთა იპოების. 3. ბჭეთა თანა ძლიერთასა დადგრომილ არს და შესავალთა გზათასა იქების. 4. თქუენ გლოცავ, ჵ, შვილნო, და წინაგიყოფ ჴმასა ჩემსა ძეთა კაცთა. 5. სცანთ უმანკოთა მეცნიერებაჲ და უსწავლელთა დაიდევით გულსა თქუენსა. 6. ისმინეთ ჩემი, რამეთუ კეთილსა გეტყჳ და აღვაღებ ბაგეთა ჩემთა მართლ, 7. რამეთუ ჭეშმარიტსა იწურთის პირი ჩემი; საძაგელ არიან წინაშე ჩემსა ბაგენი მტყუარნი. 8. სიმართლით არიან ყოველნი სიტყუანი პირისა ჩემისანი და არა არს მათ შინა გულარძნილ, არცა დრკუ. 9. ყოვლადვე წრფელ არს იგი, რომელთა უცნობიეს და მართალ, რომელთა უპოვნიეს მეცნიერებაჲ. 10. მიიღეთ სწავლაჲ და ნუ ვეცხლი და მეცნიერებაჲ უფროჲს ოქროჲსა რჩეულისა, 11. უმჯობეს არს სიბრძნე უფროჲს ანთრაკთა პატიოსანთა; ყოველივე პატიოსანი ვერ არს ღირს მისა. 12. მე, სიბრძნემან, დავიმკჳდრე მეცნიერებაჲ ზრახვისაჲ და გონიერებისაჲ და ცნობისა მოვხადე. 13. შიშსა უფლისასა სძულს უკეთურებაჲ, გინებაჲ და ამპარტავნებაჲ; და გზაჲ უკეთურთა და გულარძნილთანი და პირი ურწმუნოჲ მე მოვიძულენ. 14. ჩემი არს ზრახვაჲ, ჩემი არს კრძალულებაჲ, ჩემი არს გონიერებაჲ, ჩემი არს ძალი. 15. ჩემ მიერ მეფენი მეფობენ და ძლიერნი წერენ სიმართლესა. 16. ჩემ მიერ დიდ-დიდნი განდიდნებიან და მძლავრნი ჩემ მიერ იპყრობენ ქუეყანასა. 17. და მე მოყუარენი ჩემნი მიყუარან და, რომელნი მეძიებენ, მე მპოონ. 18. სიმდიდრე და დიდებაჲ ჩემი არს. და მონაგები მრავალი შეწირვად ჩემდა. 19. უმჯობეს არს უფროს ოქროსა და ანთრაკისა პატიოსნისა მრავლისა, ხოლო სიტყუანი ჩემნი უფროს ოქროჲსა რჩეულისა. 20. გზათა სიმართლისათა ვალ და შორის ალაგთა სიმართლისათა ვიქცევი, 21. რათა განუყო მოყუარეთა ჩემთა ნაყოფი და საუნჯენი მათნი აღვავსნე კეთილითა.


