საკითხავები
ებრაელთა მიმართ 4,1-13
1. გუეშინოდენ უკუე, ნუსადა, დატევებასა მას აღთქუმისასა შესლვად განსასუენებელსა მისსა, ჰგონებდეს ვინმე თქუენგანი დაკლებულად თავსა თჳსსა. 2. და რამეთუ ვართ ჩუენ ხარებულ, ვითარცა-იგი იგინი; არამედ არარაჲ არგო მათ სიტყუამან მან სმენისამან, ვინაჲთგან არა თანა-შეეზავა სარწმუნებაჲ იგი მსმენელთა მათ. 3. ხოლო ჩუენ შევიდეთ განსასუენებელსა მას, მორწმუნენი ესე, ვითარცა-იგი თქუა: ვითარცა ვფუცე რისხვითა ჩემითა, ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა; და დაღათუ საქმენი იგი დასაბამითგან სოფლისაჲთ ქმნულ იყვნეს. 4. რამეთუ უთქუამს სადამე მეშჳდისა მისთჳს ესრეთ: და განისუენა ღმერთმან დღესა მას მეშჳდესა ყოველთაგან საქმეთა მისთა. 5. და ამისა შემდგომად კუალად იტყჳს: ვერ შევიდენ იგინი განსასუენებელსა ჩემსა. 6. ვინაჲთგან უკუე და-ვიეთმე-აკლებს შესლვად მას შინა, და რომელნი-იგი წანაწარ ხარებულ იქმნეს, ვერ შევიდეს ურწმუნეობითა. 7. კუალად რასმე განაჩინებს დღესა დავითის მიერ და იტყჳს, შემდგომად ესოდენისა ჟამისა, ვითარცა-იგი თქუმულ არს: დღეს თუ ჴმისა მისისაჲ ისმინოთ, ნუ განიფიცხებთ გულთა თქუენთა. 8. რამეთუ უკუეთუმცა ისოს, ძესა ნავესსა, განესუენა მათდა, არამცა სხჳსა დღისათჳს ამისსა შემდგომად იტყოდა. 9. და-სამე-აკლდების შაბათობაჲ იგი ერსა მას ღმრთისასა. 10. რამეთუ რომელი-იგი შევიდა განსასუენებელსა მისსა, მანცა განისუენა საქმეთაგან მისთა, ვითარცა-იგი თჳსთაგან ღმერთმან. 11. ვისწრაფოთ უკუე შესლვად განსასუენებელსა მას, რაჲთა არა მასვე სახესა ურწმუნეობისასა ვინმე შთავარდეს. 12. რამეთუ ცხოველ არს სიტყუაჲ ღმრითსაჲ და ძლიერ და უმკუეთელეს უფროჲს ყოვლისა მახჳლისა ორპირისა: და მისწუდების იგი ვიდრე განსაყოფელადმდე სამშჳნველისა და სულისა, ნაწევართა და ტჳნთა, და განმკითხველ გონებათა და ზრახვათა გულისათა. 13. და არარაჲ არს დაბადებული დაფარულ წინაშე მისსა, არამედ ყოველივე შიშუელ და ქედ-დადრეკილ არს წინაშე თუალთა მისთა, რომლისათჳს არს სიტყუაჲ ესე ჩუენი.
მარკოზ 11,11-23
11. და შევიდა იესუ იერუსალჱმდ და ტაძარსა მას და მიმოხედვიდა ყოველსა, რამეთუ მწუხრი იყო ჟამი იგი. და განვიდა ბეთანიად ათორმეტთა თანა. 12. და ხვალისაგან, ვითარ გამოვიდეს იგინი ბეთანიაჲთ, შეემშია. 13. და იხილა ლეღჳ ერთი შორით, რომელსა ესხა ფურცელი, და მოვიდა, უკუეთუმცა რაჲმე პოვა მას შინა. და მოვიდა რაჲ მისა, არარაჲ პოვა, გარნა ფურცელი ხოლო, რამეთუ არა იყო ჟამი ლეღჳისაჲ. 14. და ჰრქუა მას: ნუღარამცა ვინ ჭამს უკუნისამდე შენგან ნაყოფსა. და ესმოდა ესე მოწაფეთა მისთა. 15. და მოვიდეს იერუსალჱმდ, და შევიდა იესუ ტაძარსა მას და იწყო გამოსხმად განმსყიდელთა მათ და მომსყიდელთა მიერ ტაძრით; და ტაბლები იგი მეკერმეთაჲ მათ და დასასხდომელები იგი მსყიდელთაჲ მათ ტრედისათაჲ დაუმჴუა. 16. და არა უტევებდა, რაჲთა გან-ვინმე-იღოს ჭურჭელი მიერ ტაძრით. 17. და ასწავებდა და ეტყოდა, ვითარმედ: წერილ არს: სახლსა ჩემსა სახლ სალოცველ ეწოდოს ყოველთა მიერ წარმართთა, ხოლო თქუენ გიყოფიეს იგი ქუაბ ავაზაკთა. 18. და ესმა ესე მღდელთ-მოძღუართა მათ და მწიგნობართა და ეძიებდეს, ვითარმცა წარწყმიდეს იგი; და ეშინოდა მისა, რამეთუ ყოველი ერი განკჳრვებულ იყო მოძღურებასა მას მისსა. 19. და ვითარცა იყო მწუხრი, განვიდოდა გარეშე ქალაქსა. 20. და ვითარცა თანა-წარჰვიდოდეს განთიად, იხილეს ლეღჳ იგი განჴმელი ძირითაგან. 21. და მოეჴსენა პეტრეს და ჰრქუა მას: რაბი, აჰა ლეღჳ იგი, რომელსა სწყევე, განჴმა. 22. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ: 23. გაქუნდინ სარწმუნოებაჲ ღმრთისაჲ. ამენ გეტყჳ თქუენ, ვითარმედ: რომელმან ჰრქუას მთასა ამას: აღიფხუარ და შთავარდი ზღუად! და არა შეორგულდეს გულსა თჳსსა, არამედ ჰრწმენეს, რამეთუ რომელი თქუას, იქმნეს, და იყოს ეგრე.


