საკითხავები
2 ტიმოთეს მიმართ 4,9-22
9. ისწრაფე ჩემდა მოსლვად ადრე, 10. რამეთუ დიმა დამიტევა მე და შეიყუარა სოფელი ესე და წარვიდა თესალონიკედ, კრისტე - გალატიად, ტიტე - დალმატიად, ლუკა არს მარტოჲ ჩემ თანა. 11. მარკოზ აღადგინე და მოიყვანე შენ თანა, რამეთუ საჴმარ არს იგი ჩემდა მსახურებასა. 12. ტჳქიკოს წარავლინე ეფესოდ. 13. ფელონი, რომელ დაუტევე ტროადას კარპოსს თანა, მო-რაჲ-ხჳდოდი, მოიღე და წიგნებიცა იგი, უფროჲსღა წიგნის ტყავები. 14. ალექსანდრე მჭედელმან მრავალი ბოროტი შემაჩუენა მე. მიაგოს მას უფალმან საქმეთა მისთაებრ. 15. რომელსა შენცა ეკრძალე, რამეთუ ფრიად წინა-აღუდგა იგი ჩუენთა სიტყუათა. 16. პირველსა მას სიტყჳს-გებასა ჩემსა არავინ თანა-დამიდგა მე, არამედ ყოველთა დამიტევეს მე. ნუ შეერაცხებინ მათ. 17. ხოლო უფალი თანა-დამიდგა და განმაძლიერა მე, რაჲთა ჩემ მიერ ქადაგებაჲ ესე აღესრულოს და ესმეს ყოველთა წარმართთა, და განვერი პირისაგან ლომისა. 18. და მიჴსნეს მე უფალმან ყოვლისაგან საქმისა ბოროტისა და მაცხოვნოს მე სასუფეველსა მისსა ზეცათასა, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნუთი უკუნისამდე. ამინ. 19. კითხვაჲ არქუ პრისკილას და აკჳლას და ონესიფორეს სახლსა. 20. ერასტოს დადგა კორინთეს შინა; ხოლო ტროფიმე დაუტევე მელიტონს შინა უძლური. 21. ისწრაფე ზამთრისა წინა მოსლვად. გიკითხვენ შენ ევვულოს და პუდის და ლინოს და კლავდია და ძმანი ყოველნი. 22. უფალი იესუ ქრისტე სულისა შენისა თანა. მადლი ჩუენ თანა. ამინ.
ლუკა 15,1-10
1. და იყვნეს ყოველნი მეზუერენი და ცოდვილნი მახლობელად მისა და ისმენდეს მისსა. 2. და დრტჳნვიდეს ფარისეველნი და მწიგნობარნი და იტყოდეს, ვითარმედ: ესე ცოდვილთა შეიწყნარებს და მათ თანა ჭამს და სუამს. 3. და ეტყოდა მათ იგავსა ამას და ჰრქუა: 4. ვის თქუენგანსა კაცსა ედგას ასი ცხოვარი და წარუწყმდეს მას ერთი მათგანი, არა-მე დაუტევნესა ოთხმეოც და ათცხრამეტნი იგი უდაბნოსა ზედა და წარვიდეს წარწყმედულისა მისთჳს, ვიდრემდე პოოს იგი? 5. და პოოს რაჲ, დაისუას იგი მჴართა თჳსთა ზედა სიხარულით; 6. და მო-რაჲ-ვიდეს იგი სახედ თჳსა, მოუწოდოს მეგობართა და მოძმეთა და ჰრქუას მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე ცხოვარი ჩემი წარწყმედული. 7. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული ცათა შინა ერთისათჳს ცოდვილისა, რომელმან შეინანოს, ვიდრეღა არა ოთხმეოც და ათცხრამეტთა მათ მართალთა, რომელთა არა უჴმს სინანული. 8. გინა დედაკაცსა, რომელსა აქუნდა დრაქმაჲ ათი და წარწყმიდის ერთი, არა-მე აღანთისა სანთელი და მოჰმართის სახლი და ეძიებნ გულს-მოდგინედ, ვიდრემდე პოოს იგი? 9. და პოოს რაჲ, მოუწოდის მეგობართა და მოძმეთა და ჰრქჳს მათ: ჩემ თანა გიხაროდენ, რამეთუ ვპოვე დრაქმაჲ იგი, რომელი წარვწყმიდე. 10. გეტყჳ თქუენ: ესრეთ იყოს სიხარული წინაშე ანგელოზთა ღმრთისათა ერთსა ზედა ცოდვილსა, რომელმან შეინანოს.


