ძველი სტილით 7 ნოემბერი

სამშაბათი

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

სამშაბათის: 1 თესალონიკელთა მიმართ 1,6-10

6. და თქუენ მობაძავ ჩუენდა იქმნენით და უფლისა, და შეიწყნარეთ სიტყუაჲ იგი ჭირსა შინა მრავალსა სიხარულითა სულისა წმიდისაჲთა, 7. ვიდრეღა იქმნენითცა თქუენ სახე ყოველთა მათ მორწმუნეთა, რომელნი არიან მაკედონიას შინა და აქაჲას. 8. რამეთუ თქუენ მიერ განეფინა სიტყუაჲ იგი უფლისაჲ არა ხოლო მაკედონიას შინა და აქაიას, არამედ ყოველთა ადგილთა სარწმუნოებაჲ თქუენი ღმრთისა მიმართ განჴდა, ვიდრემდის არღარა გჳჴმს ჩუენ სიტყუად რაჲმე. 9. მაგათ თჳთ გითხრან ჩუენთჳს, ვითარი შესლვაჲ გუაქუნდა თქუენდა მიმართ, და ვითარ მოიქეცით კერპთაგან ღმრთისა მიმართ მონებად ღმრთისა ცხოველისა და ჭეშმარიტისა 10. და მოლოდებად ძისა მისისა ზეცით, რომელი-იგი აღადგინა მკუდრეთით, იესუ, მჴსნელი ჩუენი, რისხვისა მისგან მომავალისა.

ლუკა 12,42-48

42. და ჰრქუა იესუ: ვინ-მე არს მნე იგი სარწმუნოჲ და გონიერი, რომელი დაადგინოს უფალმან მონათა თჳსთა ზედა მიცემად იფქლი ჟამსა თჳსსა? 43. ნეტარ არს იგი მონაჲ, რომლისაჲ მოვიდეს უფალი მისი და პოოს იგი ესრეთ მოქმედი. 44. ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ყოველთა ზედა მონაგებთა მისთა დაადგინოს იგი. 45. უკუეთუ თქუას მონამან მან გულსა შინა თჳსსა: ყოვნის უფალი ჩემი მოსლვად, და იწყოს გუემად მონათა და მჴევალთა და ჭამად და სუმად და დათრობად. 46. მოვიდეს უფალი იგი მონისაჲ მის დღესა, რომელსა არა მოელოდის, და ჟამსა, რომელი არა იცის, და ორგან განკუეთოს იგი და ნაწილი მისი დადვას ურწმუნოთა თანა. 47. ხოლო მონამან რომელმან იცის ნებაჲ უფლისა თჳსისაჲ და არა განემზადოს ნებისაებრ მისისა, იტანჯოს იგი ფრიად. 48. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას.

ოთხშაბათის: 1 თესალონიკელთა მიმართ 2,1-8

1. რამეთუ თქუენ თჳთ უწყით, ძმანო, შემოსლვაჲ იგი ჩუენი თქუენდა მიმართ, რამეთუ არა ცუდად რაჲ იყო; 2. არამედ წინაწარ ვივნეთ და ვიგინენით, ვითარცა-იგი უწყით, ფილიპეს შინა, განვეცხადენით ღმრთისა ჩუენისა მიერ სიტყუად თქუენდა მიმართ სახარებასა მას ღმრთისასა მრავლითა ღუაწლითა. 3. რამეთუ ნუგეშინის-ცემაჲ ესე ჩუენი არა საცთურისაგან, არცა არა-წმიდებისა, არცა ზაკუვით, 4. არამედ, ვითარცა-იგი გამოცდილ ვართ ღმრთისა მიერ რწმუნებად ჩუენდა სახარებაჲ იგი, ეგრეთცა ვიტყჳთ, არა ვითარცა კაცთა სათნო-ვეყოფვით, არამედ ღმერთსა, რომელი-იგი არს გამომცდელი გულითა ჩუენითაჲ. 5. რამეთუ არცა სადა სიტყჳთა ლიქნისაჲთა ვიყვენით, ვითარცა-ეგე თქუენ უწყით, არცა მიზეზითა ანგაჰრებისაჲთა, ღმერთი მოწამე არს. 6. არცა ვეძიებთ კაცთაგან დიდებასა, არცა თქუენგან და არცა სხუათაგან; და ესეღა ჴელ-გუეწიფების, და-თუმცა რაჲმე-გამძიმეთ, ვითარცა ქრისტეს მოციქულთა, 7. არამედ ვიქმნენით ჩუენ მშჳდ და მყუდრო თქუენ შორის, ვითარცა მზრდელი რაჲ ჰფუფუნებენ თჳსთა შვილთა. 8. ეგრეთ მოსურნე ვიყვენით თქუენდა და ჯერ-გჳჩნდა მიცემად თქუენდა არა ხოლო სახარებაჲ იგი ღმრთისაჲ, არამედ თჳსთაცა სულთა, რამეთუ საყუარელ ჩუენდა იქმნენით.

ლუკა 12,48-59

48. ხოლო რომელმან არა იცის და ქმნეს რაჲმე ღირსი ტანჯვისაჲ, იგუემოს მცირედ. რამეთუ ყოველსა რომელსა მიეცა დიდად, დიდადცა იძიოს მისგან, და რომელსა მიეცა ფრიად, უმეტესი მოჰჴადონ მას. 49. ცეცხლისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა და რაჲ მნებავს, რაჲთა აწვე აღეგზნეს! 50. ხოლო ნათლის-ღებაჲ მაქუს ნათლის-ღებად და ვითარ შეურვებულ ვარ, ვიდრემდე აღესრულოს! 51. ეგრე ჰგონებთ, ვითარმედ მშჳდობისა მოვედ მიფენად ქუეყანასა ზედა? არა, გეტყჳ თქუენ, არამედ განყოფად. 52. რამეთუ იყვნენ ამიერითგან ხუთნი სახლსა შინა ერთსა განყოფილ: სამნი ორთაგან და ორნი სამთაგან. 53. განყოფად მამაჲ ძისაგან და ძე მამისაგან; და დედაჲ ასულისაგან და ასული დედისაგან; დედამთილი ძის-ცოლისაგან მისისა და სძალი დედამთილისაგან. 54. ეტყოდა იესუ ერსაცა მას: რაჟამს იხილით ღრუბელი, აღმომავალი დასავალით, მეყსეულად სთქჳთ, ვითარმედ: წჳმაჲ მოაქუს, და არნ ეგრეთ. 55. და რაჟამს სამხრით ქარი ქრინ, სთქჳთ, ვითარმედ: სიცხე იყოს, და არნ ეგრეთ. 56. ორგულნო, პირი სამე ქუეყანისაჲ და ცისაჲ იცით გამოცდად, ხოლო ჟამი ესე ვითარ არა გამოიცადეთ? 57. ანუ რაჲსა თავით თჳსით არა სჯით სამართალსა? 58. რამეთუ ოდეს მიხუალ მოსაჯულისა შენისა თანა მთავრისა წინაშე გზასა ზედა, მიეც საქმარი განთავისუფლებად მისგან, ნუუკუე მიგიყვანოს შენ მსაჯულისა, და მსაჯულმან მიგცეს შენ მეხარკესა, და მეხარკემან მიგცეს შენ საპყრობილედ. 59. გეტყჳ შენ: ვერ გამოხჳდე მიერ, ვიდრემდე უკანაჲსკნელიცა იგი მი-ვე-სცე მწულილი.