საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 21,12-19
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
ლიტურგიაზე: მოწამეთა: ებრაელთა მიმართ 12,1-10
1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. 4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? 10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
მათე 20,1-16
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.
მწუხრზე: შესაქმე 4,8-15
8. და თქუა კაინ აბელის მიმართ, ძმისა თჳსისა: განვიდეთ ზოგად ველად. და იყო, ყოფასა მათსა ველს, აღდგა კაინ აბელის ზედა, ძმისა თჳსისა, და მოკლა იგი. 9. და თქუა უფალმან ღმერთმან კაინის მიმართ: სადა არს აბელ, ძმაჲ შენი? და თქუა: არა უწყი, ნუ მცველი ძმისა ჩემისა ვარ მე? 10. და თქუა ღმერთმან: რაჲ ესე ჰყავ? ჴმაჲ სისხლისა ძმისა შენისა ღაღადებს ჩუენ-და-მო ქუეყანით. 11. და აწ წყეულ იყავ შენ ქუეყანისაგან, რომელმან განაღო პირი თჳსი შეწყნარებად სისხლისა ძმისა შენისასა ჴელისაგან შენისა. 12. რამეთუ ჰშურებოდი ქუეყანასა და არა შესძინოს ძალი თჳსი მოცემად შენდა, იწროებით და ძრწოლით იყო ქუეყანასა ზედა. 13. და თქუა კაინ უფლისა მიმართ ღმრთისაჲ: უფროჲს არს ცოდვაჲ ჩემი მოტევებისა ჩემისა. 14. და უკუეთუ განმაძებ მე დღეს, პირისაგან ქუეყანისა და პირისაგან შენისა დავიმალო და იყოს, ყოველმან მპოვნელმან ჩემმან მომკლას მე. 15. და ჰრქუა მას უფალმან ღმერთმან: არა ეგრეთ, ყოველმან მომკლველმან კაინისმან შჳდნი შურის-ძიებანი დაჴსნნეს. და დასდვა უფალმან ღმერთმან სასწაული კაინს არა მოკლვად მისა ყოვლისაგან მპოვნელისა მისისა.
იგავთა 5,1-15
1. შვილო, სიბრძნესა ჩემსა ერჩდი და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი, 2. რათა დაიცვა გონიერებაჲ კეთილი. და მეცნიერებასა ბაგეთა ჩემთას გამცნებ შენ. ნუ ხედავ დედაკაცსა ბოროტსა, 3. რამეთუ თაფლი გარდამოსწუეთინ ბაგეთა დედაკაცისა მეძვისათა, რომელმან წუთ ერთ დაატკბოს სასაჲ შენი, 4. ხოლო უკუანაჲსკნელ უმწარეს ნავღლისა ჰპოო და უმახჳლეს მახჳლის ორპირისა, 5. რამეთუ უგუნურებისა ფერჴთა შთაიყუნიან, რომელნი იჴუმევდენ მას, შემდგომად სიკუდილისა ჯოჯოხეთად შთაცჳვიან. 6. და კუალნი მისნი არა მტკიცე არიან, რამეთუ გზასა ცხორებისასა იგი არა მივიდეს; ცთომილ არიან ალაგნი მისნი და არა საცნაურ. 7. აწ, შვილო, ისმინე ჩემი და ნუ უგულებელს-ჰყოფ თქუმულთა ჩემთა. 8. შორს-ყვენ მისგან გზანი„ შენნი და ნუ მიეახლები კართა სახლისა მისისათა, 9. რათა არა წინაუყო უცხოთა ცხორებაჲ შენი და მონაგები შენი უწყლოთა, 10. რათა არა აღივსნენ უცხონი ძალითა შენითა და არა ნაშრომი შენ შევიდეს სახლსა სხუათასა. 11. და ინანდე უკუანაჲსკნელ, რაჟამს განჰკაფდენ ჴორცნი ძუალთა შენთანი. 12. და სთქუა, ვითარმედ: რად მოვიძულე სწავლულებაჲ და მხილებას მიჰრიდა გულმან ჩემმან. 13. არა მესმოდა ჴმაჲ მასწავლელისა ჩემისაჲ და მოძღუარსა ჩემსა არ მიუპყარ ყური ჩემი, 14. მცირედღადა ვიპოვემცა, ვიდრე მე ყოველსა შინა ბოროტსა შორის კრებულსა და შესაკრებელსა. 15. სუ წყალი ჯურღმულთაგან შენთა წყაროჲსა.


