საკითხავები
ოთხშაბათის: 1 პეტრე 4,1-11
1. ქრისტემან რაჲ ივნო ჩუენთჳს ჴორცითა და თქუენცა იგივე გონებაჲ შეიჭურეთ, რამეთუ რომელმან-იგი ივნო ჴორცითა, დაცხრომილ არს ცოდვისაგან, 2. რაჲთა არღარა კაცთა გულის თქუმითა, არამედ ნებითა ღმრთისაჲთა ნეშტნი იგი ჟამნი ჴორცითა ცხორებად. 3. რამეთუ კმა არიან ჩუენდა წარსრულნიცა იგი ჟამნი ამის ცხორებისანი ნებისა მისებრ წარმართთაჲსა აღსრულებად, რომელი-იგი ვლენან არაწმიდებითა გულის თქუმათაჲთა, მთრვალობითა, სიმღერითა, შუებითა და უჯეროჲთა კერპთ-მსახურებითა. 4. რომლისაგან უკჳრს არა სლვაჲ თქუენი მასვე არაწმიდებისა აღრევასა და გგმობენ. 5. რომელთა სიტყუაჲ მიუგონ მას, რომელნი-იგი განმზადებულ არს განშჯად ცხოველთა და მკუდართა. 6. რამეთუ ამისთჳს ეხარა მკუდართა, რაჲთა ისაჯნენ კაცობრივ ჴორცითა და ცხონდენ ღმრთისა მიერ სულითა. 7. ხოლო ყოველთაჲ აღსასრული მოახლებულ არს, განიწმიდენით უკუე და განიფრთხვეთ ლოცვად. 8. ყოვლისა წინა ურთიერთას სიყუარული განმარტებული გაქუდინ, რამეთუ სიყუარულმან დაფარის სიმრავლე ცოდვათაჲ. 9. სტუმრის მოყუარე იყვენით ურთიერთას თჳნიერ დრტჳნვისა. 10. კაცად-კაცადმან, ვითარცა მიიღო მადლი, ეგრეთვე ურთიერთას ამსახურებდით მას, ვითარცა კეთილნი მნენი მრავალ-ფერისა მის ნიჭისა ღმრთისანი. 11. რომელი იტყოდის, ვითარცა სიტყუათა ღმრთისათა; რომელი ჰმსახურებდეს, ვითარცა ძალისაგან, რომელსა მოსცემს ღმერთი, რაჲთა ყოველსა შინა იდიდებოდის ღმერთი იესუ ქრისტეს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ და სიმტკიცე უკუნითი უკუნისამდე, ამინ.
მარკოზ 12,28-37
28. და მოვიდა მისა ერთი მწიგნობართაგანი, ესმოდა რაჲ მათი, ვითარ-იგი გამოეძიებდეს მის თანა, იცოდა, რამეთუ კეთილად მიუგო მათ, ჰკითხა მას მანცა, ვითარმედ: რომელი არს ყოველთა პირველი მცნებაჲ? 29. ხოლო იესუ ჰრქუა მას: პირველი ყოველთა მცნებათაჲ ესე არს: ისმინე, ისრაჱლ: უფალი ღმერთი შენი უფალი ერთ არს; 30. და შეიყუარო უფალი ღმერთი შენი ყოვლითა გულითა შენითა და ყოვლითა სულითა შენითა და ყოვლითა გონებითა შენითა და ყოვლითა ძალითა შენითა. ესე არს პირველი მცნებაჲ. 31. და მეორე, მსგავსი ამისი: შეიყუარო მოყუასი შენი, ვითარცა თავი თჳსი. უფროჲს ამათსა სხუაჲ მცნებაჲ არა არს. 32. ჰრქუა მას მწიგნობარმან მან: კეთილად, მოძღუარ, ჭეშმარიტად სთქუ, რამეთუ ერთ არს ღმერთი, და არავინ არს სხუაჲ მისა გარეშე; 33. და შეყუარებად იგი ყოვლითა გულითა და ყოვლითა სულითა და ყოვლითა ძალითა და ყოვლითა გულისჴმის-ყოფითა, და შეყუარებად მოყუასი, ვითარცა თავი თჳსი; უფროჲს არს ესე ყოველთა მსხუერპლთა და შესაწირავთა. 34. და იხილა იესუ, რამეთუ გონიერად მიუგო, ჰრქუა მას: არა შორს ხარ სასუფეველისაგან ღმრთისა. და არღარავინ იკადრა კითხვად მისა. 35. მიუგო იესუ და ჰრქუა მათ და ასწავებდა ტაძარსა მას შინა: ვითარ უკუე იტყჳან მწიგნობარნი, ვითარმედ: ქრისტე ძე არს დავითისი? 36. რამეთუ თჳთ იგი დავით იტყჳს სულითა წმიდითა: ჰრქუა უფალმან უფალსა ჩემსა: დაჯედ მარჯუენით ჩემსა, ვიდრემდის დავსხნე მტერნი შენნი ქუეშე ფერჴთა შენთა. 37. თჳთ იგი დავით ჰხადის მას უფლით, და ვითარ ძჱ მისი არს? და მრავალი ერი ისმენდა მისსა ტკბილად.
ხუთშაბათის: 1 პეტრე 4,12-5,5
12. საყუარელნო, ნუ უცხო გიჩნს თქუენ შორის განჴურვებაჲ ეგე, რომელი იქმნების განსაცდელად თქუენ თანა, ვითარმცა უცხოჲ რაჲმე შეგემთხუეოდა თქუენ. 13. არამედ რაოდენ-ეგე ეზიარებით ვნებათა ქრისტესთა, გიხაროდენ, რაჲთა გამოჩინებასაცა დიდებისა მისისასა გიხაროდის და მხიარულ იყვნეთ. 14. უკუეთუ იყუედრებოდით სახელისათჳს ქრისტესისა, ნეტარ ხართ, რამეთუ დიდებისაჲ იგი და ღმრთისაჲ სული თქუენ ზედა განსუენებულ არს, რამეთუ ვითარ იგინი ჰგონებენ, იგმობვით, ხოლო ვითარ-იგი თქუენ გნებავს, იდიდებით. 15. ნუმცა ვის თქუენგანსა ევნების, ვითარცა კაცის-მკლველსა, გინა მპარავსა, გინა ძჳრის მოქმედსა, გინა ვითარცა უცხოჲსა განმგესა. 16. ხოლო უკუეთუ ვითარცა ქრისტეანესა, ნუ ჰრცხუენინ, არამედ ადიდებდინ ღმერთსა ამით ნაწილითა. 17. რამეთუ ჟამმან დაწყებად საშჯელისა პირველად სახლისაგან ღმრთისა იწყოს, უკუეთუ კულა პირველად ჩუენგან, რაჲ-მე იყოს აღსასრული ურჩთა მათ სახარებისა ღმრთისათაჲ? 18. და უკუეთუ მართალი ძნიად განერეს, უღმრთოჲ იგი და ცოდვილი სადა-ღა იპოოს? 19. ამიერითგან რომელთაცა ევნებოდის ნებითა ღმრთისაჲთა ვითარცა სარწმუნოთა დამბადებელსა, შეჰვედრნედ სულნი თჳსნი კეთილის საქმითა. 1. ხუცესთა მათ თქუენ შორის ვჰლოცავ, ვითარცა თანა-ხუცესი და მოწამე ვნებათა ქრისტესთაჲ, და მერმისა მის გამოჩინებადისა დიდებისა ზიარი; მწყსიდით თქუენ შორის სამწყსოსა მას ღმრთისასა. 2. იღუწიდით ნუ იძულებით, არამედ ნეფსით, ნუცა საძაგელისა შეძინებით, არამედ გულს-მოდგინეთ. 3. ნუცა ვითარმცა ეუფლებოდეთ მნეთა მათ, არამედ სახე ექმნენით სამწყსოსა მას. 4. და გამოჩინებასა მას მწყემსთ მთავრისასა მოიღოთ დაუჭნობელი იგი დიდებისა გჳრგჳნი. 5. ეგრეთვე ჭაბუკნი დაემორჩილენით მოხუცებულთა; და ყოველთავე ურთიერთას მორჩილებითა სიმდაბლე შეიმოსეთ, რამეთუ ღმერთი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი.
მარკოზ 12,38-44
38. და ეტყოდა მათ სწავლასა მას შინა მისსა: ეკრძალენით მწიგნობართა მათგან, რომელთა ჰნებავს სამკაულითა სლვაჲ და მოკითხვაჲ უბანთა ზედა, 39. და ზემოჯდომაჲ კრებულსა შორის და პირველ ანაჴით-ჯდომაჲ სერსა ზედა, 40. რომელნი შესჭამენ სახლებსა ქურივთასა და მიზეზით მყოვარ ჟამ ილოცვენ, რომელთა მიიღონ უმეტესი სასჯელი. 41. და დაჯდა იესუ წინაშე ფასის-საცავსა მას და ხედვიდა ვითარ-იგი ერი დასდებდა რვალსა ფასის-საცავსა მას. და მრავალთა მდიდართა დადვეს ფრიად. 42. და მოვიდა ერთი ქურივი გლახაკი და დასხნა ორნი მწულილნი, რომელ არს კოდრანტე. 43. და მოუწოდა იესუ მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა მათ: ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ ქურივმან ამან გლახაკმან უფროჲს ყოველთასა დადვა ფასის-საცავსა ამას; 44. რამეთუ ყოველთა ნამეტნავისაგან მათისა დადვეს, ხოლო ამან ნაკლულევანებისაგან თჳსისა ყოველი, რაჲცა აქუნდა, დადვა საცხორებელი თჳსი.


