საკითხავები
პარასკევის: 2 იოანე 1,1-13
1. მოხუცებული რჩეულსა დედოფალსა და შვილთა მისთა, რომელნი მიყუარან მე ჭეშმარიტებით და არა ხოლო მე, არამედ ყოველთავე, რომელთა უცნობიეს ჭეშმარიტებაჲ. 2. ჭეშმარიტებისაგან, რომელი დამკჳდრებულ არს ჩუენ შორის და ჩუენ თანა იყოს უკუნისამდე. 3. იყავნ თქუენ თანა მადლი, წყალობაჲ და მშჳდობაჲ ღმრთისა მიერ მამისა და უფლისა მიერ იესუ ქრისტესა ძისა მისისა ჭეშმარიტებით და სიყუარულით. 4. განვიხარე ფრიად, რამეთუ ვპოენ შვილთაგან შენთა, რომელნი ვლენან ჭეშმარიტებით, ვითარცა-იგი მცნებაჲ მოვიღეთ მამისაგან. 5. და აწ გიკითხავ შენ, დედოფალო, არა ვითარცა მცნებასა ახალსა მივსწერ შენდა, არამედ რომელი მაქუნდა დასაბამითგან, რაჲთა ვიყუარებოდით ურთიერთას. 6. და ესე არს სიყუარული, რაჲთა ვიდოდით მცნებათაებრ მისთა, და ესე არს მცნებაჲ მისი, ვითარცა-იგი გესმა დასაბამითგან, რაჲთა მას შინა ხჳდოდით. 7. რამეთუ მრავალნი მაცთურნი შემოვიდეს სოფლად, რომელნი არა აღიარებენ იესუ ქრისტესა ჴორციელად მოსრულსა; ესე არს მაცთური და ანტიქრისტე. 8. ეკრძალენით თავთა თქუენთა, რაჲთა არა წარვწყმიდოთ, რაჲ-იგი ვქმენით, არამედ სასყიდელი სავსებით მოვიღოთ. 9. ყოველივე რომელი გარდაჰჴდებოდის და არა ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ღმერთი არა არს, ხოლო რომელი ეგოს მოძღურებასა ზედა ქრისტესსა, მის თანა ძეცა და მამაჲცა არს. 10. რომელი მოვიდეს თქუენდა და ესე მოძღურებაჲ არა მოაქუნდეს, ნუ შეიწყნარებთ მას სახლთა თქუენთა და „გიხაროდენ“ ნუ ეტყჳთ მას. 11. რამეთუ რომელმან ჰრქუას მას „გიხაროდენ“, ეზიარების საქმეთა მისთა ბოროტთა. 12. მრავალი მინდა მიწერად თქუენდა, არამედ არა ვინებე ქარტითა და მელნითა, რამეთუ ვესავ მოსლვად თქუენდა და პირისპირ სიტყუად, რაჲთა სიხარული იგი ჩუენი სავსებით იყოს. 13. გიკითხვენ შენ შვილნი დისა შენისა რჩეულისანი.
მარკოზ 15,22;25;33-41
22. და მოიყვანეს იგი გოლგოთას, ადგილსა, რომელ არს გამოთარგმანებით: თხემისა ადგილი. … 25. ხოლო იყო ჟამი მესამე, და ჯუარს-აცუეს იგი. … 33. და ვითარცა იყო ჟამი მეექუსე, ბნელი იყო ყოველსა ქუეყანასა ვიდრე მეცხრედ ჟამადმდე. 34. და მეცხრესა ჟამსა ჴმა-ყო იესუ ჴმითა დიდითა და თქუა: ელოი, ელოი, ლიმა საბაქთანი? რომელ არს თარგმანებით: ღმერთო, ღმერთო ჩემო, რაჲსათჳს დამიტეობ მე? 35. და რომელთამე წინაშე მდგომელთა ესმა და იტყოდეს: აჰა ელიას ხადის. 36. და მირბიოდა ერთი და აღავსო ღრუბელი ძმრითა და დაადგა ლერწამსა და ასუმიდა და იტყოდა: უტევეთ, ვიხილოთ, უკუეთუ მოვიდეს ელია გარდამოჴსნად მაგისა. 37. ხოლო იესუ ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და განუტევა სული. 38. და კრეტსაბმელი იგი ტაძრისაჲ მის განიპო ორად, ზეითგან ვიდრე ქუედმდე. 39. და ვითარცა იხილა ასისთავმან მან, რომელი დგა წინაშე მისსა, რამეთუ ესრეთ ღაღატ-ყო და განუტევა სული, თქუა: ჭეშმარიტად კაცი ესე ძე ღმრთისაჲ იყო. 40. ხოლო იყვნეს დედანიცა, რომელნი შორით ხედვიდეს, რომელთა თანა იყო მარიამ მაგდალენელი და მარიამ იაკობისი მცირისაჲ და იოსეს დედაჲ და სალომე, 41. რომელნი, ოდეს იყო გალილეას, შეუდგეს მას და ჰმსახურებდეს, და სხუანი მრავალნი, რომელნი მის თანა აღსრულ იყვნეს იერუსალჱმდ.
შაბათის: 1 კორინთელთა მიმართ 10,23-28
23. ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი უმჯობეს არს; ყოველივე ჯერ-არს ჩემდა, არამედ არა ყოველი აღმაშენებელ არს. 24. ნუვინ თავისასა ხოლო ეძიებნ, არამედ მოყუსისასაცა თითოეული. 25. ყოველი, რომელი სამზარეულოს ისყიდებოდის, ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. 26. რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი. 27. ხოლო უკუეთუ ვინმე გხადის თქუენ ურწმუნოთაგანი, და გნებავს მისლვაჲ, ყოველივე წინა-დაგებული თქუენი ჭამეთ და ნურარას განიკითხავთ იჭჳსათჳს. 28. ხოლო უკუეთუ ვინმე გითხრას თქუენ, ვითარმედ: ესე ნაკერპავი არს, - ნუ შჭამთ მის მაუწყებელისათჳს და იჭჳსა, რამეთუ უფლისაჲ არს ქუეყანაჲ და სავსებაჲ მისი.
ლუკა 21,8-9;25-27;33-36
8. ხოლო თავადმან თქუა: იხილეთ, ნუუკუე სცთეთ, რამეთუ მრავალნი მოვიდოდიან სახელითა ჩემითა და იტყოდიან, ვითარმედ: მე ვარ და ჟამი მოწევნულ არს, არამედ ნუ მიხუალთ შედგომად მათდა. 9. და ოდეს გესმოდიან ბრძოლანი და შფოთნი, ნუ შესძრწუნდებით, რამეთუ ჯერ-არს ესე პირველად ყოფად, და არღა მეყსეულად იყოს აღსასრული. … 25. და იყოს სასწაული მზესა შინა და მთოვარესა და ვარსკულავთა, და ქუეყანასა ზედა შეკრებაჲ თესლებისაჲ განკჳრვებითა ოხრისაჲთა ზღჳსაგან და ძრვისა. 26. სულითა კაცთაჲთა შიშისაგან და მოლოდებისა მომავალისა ზედა სოფელსა ამას, რამეთუ ძალნი ცათანი შეიძრნენ. 27. და მაშინ იხილონ ძე კაცისაჲ, მომავალი ღრუბელთა ძალითა და დიდებითა მრავლითა. … 33. ცანი და ქუეყანაჲ წარჴდენ, ხოლო სიტყუანი ჩემნი არა წარჴდენ. 34. ეკრძალენით თავთა თქუენთა, ნუუკუე დამძიმდენ გულნი თქუენნი შუებითა და მთრვალობითა და ზრუნვითა ამის სოფლისაჲთა, და მეყსეულად მოიწიოს თქუენ ზედა დღე იგი. 35. რამეთუ ვითარცა საფრჴე მოუჴდეს მსხდომარეთა ზედა პირსა ყოვლისა ქუეყანისასა. 36. იღჳძებდით უკუე ყოველსა ჟამსა და ევედრებოდეთ, რაჲთა ღირს იქმნნეთ განრინებად ამის ყოვლისაგან, რომელი ყოფად არს, და დადგომად წინაშე ძისა კაცისა.
მიცვალებულთა: 1 თესალონიკელთა მიმართ 4,13-17
13. ხოლო არა გუნებავს უმეცრებაჲ თქუენი, ძმანო, შესუენებულთა მათთჳს, რაჲთა არა სწუხდეთ, ვითარცა-იგი სხუანი, რომელთა არა აქუს სასოებაჲ. 14. რამეთუ უკუეთუ გურწამს, ვითარმედ იესუ მოკუდა და აღდგა, ეგრეცა ღმერთმან შესუენებულნი იგი იესუჲს მიერ მოიყვანნეს მის თანა. 15. ხოლო ამას გეტყჳ თქუენ სიტყჳთა უფლისაჲთა, ვითარმედ ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელ დაშთომილ ვიყვნეთ მოსლვასა მას უფლისასა, ვერ მივეწინეთ შესუენებულთა მათ, 16. რამეთუ თავადი უფალი ბრძანებითა და ჴმითა ანგელოზთ მთავრისაჲთა და საყჳრითა ღმრთისაჲთა გარდამოჴდეს ზეცით, და მკუდარნი იგი ქრისტეს მიერნი აღდგენ პირველად; 17. და მაშინღა ჩუენ, ცხოველნი ესე, რომელნი დაშთომილ ვიყვნეთ, მათ თანავე აღვიტაცნეთ ღრუბლითა შემთხუევად უფლისა ჰაერთა ზედა და ესრეთ მარადის უფლისა თანა ვიყოფვოდით.
იოანე 5,24-30
24. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ რომელმან სიტყუანი ჩემნი ისმინნეს და ჰრწმენეს მომავლინებელი ჩემი, აქუნდეს ცხორებაჲ საუკუნოჲ, და სასჯელსა იგი არა შევიდეს, არამედ გარდაიცვალოს იგი სიკუდილისაგან ცხორებად. 25. ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ, რამეთუ მოვალს ჟამი, და აწვე არს, ოდეს მკუდართა ისმინნენ სიტყუანი ძისა ღმრთისანი; და რომელთა ისმინნენ, ცხონდენ. 26. რამეთუ ვითარცა-იგი მამასა აქუს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა, ეგრეცა ძესა მოსცა, რაჲთა აქუნდეს ცხორებაჲ თავისა თჳსისა თანა. 27. და ჴელმწიფებაჲ მოსცა მას სასჯელისაცა ყოფად, რამეთუ ძე კაცისაჲ არს. 28. ნუ გიკჳრნ ესე, რამეთუ მოვალს ჟამი, რომელსა ყოველნი რომელნი ისხნენ საფლავებსა, ისმინონ ჴმისა მისისაჲ. 29. და გამოვიდოდიან კეთილის-მოქმედნი აღდგომასა ცხორებისასა, ხოლო ბოროტის-მოქმედნი აღდგომასა სასჯელისასა. 30. არა ჴელ-მეწიფების მე საქმედ თავით თჳსით არარაჲ, არამედ ვითარცა მესმის, ვსჯი, და სასჯელი ჩემი მართალ არს, რამეთუ არა ვეძიებ ნებასა ჩემსა, არამედ ნებასა მომავლინებელისა ჩემისა მამისასა.


