საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 7,17-30
17. და განეფინა სიტყუაჲ ესე ყოველსა ჰურიასტანსა მისთჳს და ყოველსა მას გარემო სოფლებსა. 18. და უთხრეს იოვანეს მოწაფეთა მისთა ამის ყოვლისათჳს. 19. და მოუწოდა იოვანე ორთა მოწაფეთა თჳსთა და მიავლინნა იესუჲსა და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? 20. და მი-რაჲ-ვიდეს მისა კაცნი იგი, ჰრქუეს: იოვანე ნათლის-მცემელმან მომავლინნა ჩუენ შენდა და თქუა: შენ ხარა მომავალი, ანუ სხუასა მოველოდით? 21. მას ჟამსა შინა განკურნნა მრავალნი სნეულებათაგან და სალმობათა და სულთაგან უკეთურთა და მრავალთა ბრმათა მიჰმადლა ხედვაჲ. 22. და მიუგო და ჰრქუა მათ იესუ: მივედით და უთხართ იოვანეს, რაჲ-ესე იხილეთ და გესმა: ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, ყრუთა ესმის, მკუდარნი აღდგებიან, და გლახაკთა ეხარების. 23. და ნეტარ იყოს, რომელი არა დაჰბრკოლდეს ჩემდა მომართ. 24. და ვითარცა წარვიდეს მოციქულნი იგი იოვანესნი, იწყო სიტყუად იესუ ერისა მის მიმართ იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 25. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, სამოსლითა ჩჩჳლითა მოსილისა? აჰა ესერა რომელნი სამოსლითა დიდებულითა და საშუებელითა არიან, სამეუფოთა შინა არიან. 26. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. 27. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს-იგი წერილ არს: აჰა ესერა მე წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე პირსა შენსა, რომელმან განჰმზადნეს გზანი შენნი წინაშე შენსა. 28. რამეთუ გეტყჳ თქუენ: უფროჲსი შობილთა შორის დედათაჲსა იოვანე ნათლის-მცემელისა წინაწარმეტყუელი არავინ არს, ხოლო უმცირესი სასუფეველსა ღმრთისასა უფროჲსა მისა არს. 29. და ყოველსა ერსა ესმა და მეზუერეთა, განამართლეს ღმერთი და ნათელ-იღეს ნათლის-ცემითა იოვანესითა. 30. ხოლო ფარისეველთა და სჯულის-მოძღუართა ზრახვაჲ ღმრთისაჲ შეურაცხ-ყვეს თავისა თჳსისა, რამეთუ არა ნათელ–იღეს მისგან.
რომაელთა მიმართ 14,19-26
19. აწ უკუე მშჳდობასა შეუდგეთ და აღშენებასა ურთიერთას. 20. ნუ ჭამადისათჳს დაჰჴსნი საქმესა ღმრთისასა. ყოველივე წმიდა არს, არამედ ბოროტ არს კაცისა, რომელი შებრკოლებისათჳს ჭამდეს. 21. უმჯობეს არს არა-ჭამაჲ ჴორცისაჲ და არცა სუმაჲ ღჳნისაჲ, არცა რომლითა ძმაჲ იგი შენი შეჰბრკოლდების გინა დაჰბრკოლდების ანუ მოუძლურდების. 22. შენ სარწმუნოებაჲ გაქუს? თავისა შენისათჳს გაქუნდინ წინაშე ღმრთისა. ნეტარ არს მისა, რომელმან არა განიკითხოს თავი თჳსი, რომელსა შინა გამოიცადოს. 23. ხოლო რომელი-იგი ორგულებდეს, დაღაცათუ ჭამოს, და-ვე-სჯილ არს, რამეთუ არა სარწმუნოებით ჭამს; და ყოველი, რომელი არა სარწმუნოებით არს, იგი ცოდვა არს. 24. ხოლო რომელი-იგი შემძლებელ არს დამტკიცებად თქუენდა, სახარებისაებრ ჩემისა და ქადაგებისა ქრისტე იესუჲსისა, გამოცხადებითა საიდუმლოჲსაჲთა, ჟამთა მათ საუკუნეთა დადუმებულსა, 25. ხოლო აწ გამოცხადებულსა წიგნთაგან საწინაწარმეტყუელოთა, ბრძანებითა საუკუნოჲსა ღმრთისაჲთა, დასამორჩილებელად სარწმუნოებასა, ყოველთა მიმართ წარმართთა უწყებულსა, 26. მხოლოსა ბრძენსა ღმერთსა, ქრისტე იესუჲს მიერ, რომლისაჲ არს დიდებაჲ უკუნითი უკუნისამდე. ამინ.
მათე 6,1-13
1. ეკრძალენით ქველის-საქმესა თქუენსა, რაჲთა არა ჰყოთ წინაშე კაცთა სახილველად მათა; უკუეთუ არა, სასყიდელი არა გაქუნდეს მამისა თქუენისაგან ზეცათაჲსა. 2. ხოლო რაჟამს იქმოდი ქველის-საქმესა, ნუ ჰქადაგებ წინაშე შენსა, ვითარცა-იგი ორგულთა ყვიან შესაკრებელთა მათთა და უბანთა ზედა, რაჲთა იდიდნენ კაცთაგან. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 3. ხოლო შენ რაჟამს ჰყოფდე ქველის-საქმესა, ნუ სცნობნ მარცხენაჲ შენი, რასა იქმოდის მარჯუენაჲ შენი. 4. რაჲთა იყოს ქველის-საქმე შენი ფარულად; და მამამან შენმან, რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. 5. და რაჟამს ილოცვიდე, არა იყო ეგრე, ვითარცა-იგი ორგულნი, რამეთუ უყუარნ შესაკრებელთა შორის და უბანთა ზედა დგომაჲ და ლოცვაჲ, რაჲთა უჩუენონ კაცთა. ამენ გეტყჳ თქუენ: მიუღებიეს სასყიდელი მათი. 6. ხოლო შენ რაჟამს ილოცვიდე, შევედ საუნჯესა შენსა და დაჰჴაშ კარი შენი და ილოცე მამისა შენისა მიმართ ფარულად; და მამაჲ შენი რომელი ჰხედავს დაფარულთა, მოგაგოს შენ ცხადად. 7. და რაჟამს ილოცვიდეთ, ნუ მრავალსა იტყჳთ, ვითარცა-იგი წარმართთაგანი, რამეთუ ჰგონებედ, ვითარმედ მრავლის-მეტყუელებითა მათითა ისმინოს მათი. 8. ხოლო თქუენ ნუ ემსგავსებით მათ, რამეთუ იცის მამამან თქუენმან, რაჲ-იგი გიჴმს თქუენ, ვიდრე თხოვადმდე თქუენდა მისგან. 9. ხოლო თქუენ ესრეთ ილოცევდით: მამაო ჩუენო, რომელი ხარ ცათა შინა, წმიდა იყავნ სახელი შენი, 10. მოვედინ სუფევაჲ შენი, იყავნ ნებაჲ შენი, ვითარცა ცათა შინა, ეგრეცა ქუეყანასა ზედა. 11. პური ჩუენი არსობისაჲ მომეც ჩუენ დღეს 12. და მომიტევენ ჩუენ თანა-ნადებნი ჩუენნი, ვითარცა ჩუენ მიუტევებთ თანამდებთა მათ ჩუენთა, 13. და ნუ შემიყვანებ ჩუენ განსაცდელსა, არამედ მიჴსნენ ჩუენ ბოროტისაგან, რამეთუ შენი არს სუფევაჲ და ძალი და დიდებაჲ საუკუნეთა მიმართ. ამენ.
ღირსთა მამათა: გალატელთა მიმართ 5,22-6,2
22. ხოლო ნაყოფი სულისაჲ არს: სიყუარული, სიხარული, მშჳდობაჲ, სულგრძელებაჲ, სიტკბოებაჲ, სახიერებაჲ, სარწმუნოებაჲ, 23. მყუდროებაჲ, მარხვაჲ, მოთმინებაჲ. ესევითართათჳს არა ძეს შჯული. 24. ხოლო ქრისტესთა მათ ჴორცნი თჳსნი ჯუარს-აცუნეს ვნებითურთ და გულის თქუმით. 25. უკუეთუ სულითა ცხოველ ვართ, სულითაცა ვეგნეთ. 26. ნუმცა ვართ მზუაობარ, ურთიერთარს მაბრალობელ, ურთიერთარს მოშურნე. 1. ძმანო, უკუეთუ ვინმე დაეპყრას კაცი რომელსამე ბრალსა, თქუენ, სულიერთა მაგათ, დაამტკიცეთ ეგევითარი იგი სულითა მით მშჳდობისაჲთა; ეკრძალე თავსა შენსა, ნუუკუე შენცა განიცადო. 2. ურთიერთარს სიმძიმე იტჳრთეთ და ესრეთ აღასრულეთ შჯული იგი ქრისტესი.
მათე 11,27-30
27. ყოველივე მომეცა მე მამისა ჩემისა მიერ; და არავინ იცის ძე, გარნა მამამან; არცა მამაჲ ვინ იცის, გარნა ძემან, და რომლისაჲ უნდეს ძესა გამოცხადების. 28. მოვედით ჩემდა ყოველნი მაშურალნი და ტჳრთმძიმენი, და მე განგისუენო თქუენ. 29. აღიღეთ უღელი ჩემი თქუენ ზედა და ისწავეთ ჩემგან, რამეთუ მშჳდ ვარ და მდაბალ გულითა, და ჰპოოთ განსუენებაჲ სულთა თქუენთაჲ. 30. რამეთუ უღელი ჩემი ტკბილ არს, და ტჳრთი ჩემი სუბუქ არს.
ლიტურგიაზე: წინამორბედის: 2 კორინთელთა მიმართ 4,6-15
6. რამეთუ ღმერთმან, რომელმან თქუა ბნელისაგან ნათელი გამობრწყინვებად, რომელმან გამოაბრწყინვა გულთა შინა ჩუენთა, განსანათლებელად მეცნიერებისა დიდებისა ღმრთისა წინაშე პირსა იესუ ქრისტესსა. 7. ხოლო გუაქუს ჩუენ საფასე ესე კეცის ჭურებითა, რაჲთა გარდარეული იგი ძლიერებისაჲ იყოს ღმრთისაჲ და არა ჩუენგან. 8. ყოველსა შინა ვიჭირვით, არამედ არა იწროება გჳჩნს; წარ-ღათუ-წირულ ვართ, არამედ არა განწირულება გჳჩნს. 9. დევნულ ღათუ ვართ, არამედ არა დატევებულ ვართ; და-ღათუ-ვრდომილ ვართ, არამედ არა წარწყმედულ ვართ. 10. მარადის სიკუდილი იგი უფლისა იესუჲსი ჴორცთა შინა ჩუენთა გჳტჳრთავს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი ჴორცთა ამათ შინა ჩუენთა გამოცხადნეს. 11. რამეთუ მარადის ჩუენ, ცხოველნი ესე, სიკუდილსა მივეცემით იესუჲსთჳს, რაჲთა ცხორებაჲცა იგი იესუჲსი მოკუდავთა ამათ შინა ჴორცთა ჩუენთა გამოცხადნეს; 12. ვინაჲცა სიკუდილი ჩუენ თანა შეიქმნების, ხოლო ცხორებაჲ - თქუენ შორის. 13. ხოლო გუაქუს ჩუენ იგივე სული სარწმუნოებისაჲ, ვითარცა წერილ არს: მრწმენა მე, რომლისათჳსცა ვიტყოდე, და ჩუენცა გურწამს, რომლისათჳსცა ვიტყჳთ. 14. ესე უწყით, რამეთუ რომელმან აღადგინა უფალი იესუ, ჩუენცა იესუჲს მიერ აღმადგინნეს, წარმადგინნეს თქუენ თანა. 15. რამეთუ ყოველივე თქუენთჳს არს, რაჲთა მადლი იგი აღემატოს მრავალთათჳს, და მადლობაჲ იგი გარდაერიოს სადიდებელად ღმრთისა.
მათე 11,2-15
2. ხოლო იოვანეს რაჲ ესმნეს საპყრობილესა შინა საქმენი ქრისტესნი, მიავლინნა ორნი მოწაფენი თჳსნი 3. და ჰრქუა: შენ ხარა მომავალი იგი, ანუ სხუასა მოველოდით? 4. ხოლო იესუ მიუგო და ჰრქუა მათ: მივედით და უთხართ იოვანეს, რომელი გესმის და ჰხედავთ: 5. ბრმანი აღიხილვენ, მკელობელნი ვლენან, კეთროვანნი განწმდებიან, და ყრუთა ესმის, და მკუდარნი აღდგებიან და გლახაკთა ეხარების. 6. და ნეტარ არს, რომელი არა დაბრკოლდეს ჩემდა მომართ. 7. და ვითარცა ესენი წარვიდეს, იწყო იესუ სიტყუად ერსა მას იოვანესთჳს: რაჲსა გამოხუედით უდაბნოდ ხილვად? ლერწმისა, ქარისაგან შერყეულისა? 8. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? კაცისა, ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილისა? აჰა ესერა რომელნი ჩჩჳლითა სამოსლითა შემოსილ არიან, სახლთა შინა სამეუფოთა არიან. 9. არამედ რაჲსა გამოხუედით ხილვად? წინაწარმეტყუელისა? ჰე, გეტყჳ თქუენ, და უმეტეს წინაწარმეტყუელისა. 10. რამეთუ ესე არს, რომლისათჳს წერილ არს: აჰა ესერა წარვავლინო ანგელოზი ჩემი წინაშე შენსა, რომელმან განჰმზადეს გზანი შენნი წინაშე პირსა შენსა. 11. ამენ გეტყჳ თქუენ: არა აღდგომილ არს ნაშობთაგანი დედათაჲ უფროჲს იოვანეს ნათლის-მცემელისა; ხოლო უმცირესი სასუფეველსა ცათასა უფროჲს მისა არს. 12. რამეთუ დღითგან იოვანე ნათლის-მცემლისაჲთ ვიდრე აქამომდე სასუფეველი ცათაჲ იიძულების; და რომელნი აიძულებდენ, მათ მიიტაცონ იგი. 13. რამეთუ ყოველნი წინაწარმეტყუელნი და სჯული ვიდრე იოვანესამდე წინაწარმეტყუელებდეს. 14. და უკუეთუ გნებავს შეწყნარების, იგი არს ელია, რომელი მოვალს. 15. რომელსა ასხენ ყურნი სმენად, ისმინენ!


