ძველი სტილით 25 მარტივნების შვიდეული

ხარება ყოვლადწმიდისა დედუფლისა ჩვენისა ღმრთისმშობელისა.

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ცისკარზე: ხარების: ლუკა 1,39-49;56

39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. 42. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. 46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, ... 56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.

გალატელთა მიმართ 3,13-14

13. ქრისტემან ჩუენ მოგჳყიდნა წყევისა მისგან შჯულისა და იქმნა ჩუენთჳს წყევასა ქუეშე. რამეთუ წერილ არს: წყეულ იყავნ ყოველი, რომელი დამოეკიდოს ძელსა. 14. რაჲთა წარმართთა მიმართ კურთხევაჲ იგი აბრაჰამისი იყოს ქრისტე იესუჲს მიერ, რაჲთა აღთქუმაჲ იგი სულისაჲ მოვიღოთ სარწმუნოებითა.

მათე 27,62-66

62. ხოლო ხვალისაგან, რომელ არს შემდგომად პარასკევისა, შეკრბეს მღდელთ-მოძღუარნი იგი და ფარისეველნი პილატესა 63. და ჰრქუეს: უფალო, მოვიჴსენეთ, რამეთუ მან მაცთურმან თქუა, ვიდრე ცოცხალღა იყო, ვითარმედ შემდგომად სამისა დღისა აღვდგეო. 64. აწ უკუე ბრძანე დაკრძალვად საფლავი იგი, ვიდრე მესამედ დღედმდე, ნუუკუე მოვიდენ მოწაფენი მისნი და წარიპარონ იგი და უთხრან ერსა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით. და იყოს უკუანაჲსკნელი საცთური უძჳრეს პირველისა. 65. ჰრქუა მათ პილატე: გაქუს თქუენ დასი; წარვედით და დაჰკრძალეთ, ვითარცა იცით. 66. ხოლო იგინი წარვიდეს და დაჰკრძალეს საფლავი იგი და დაჰბეჭდეს ლოდსა მას დასისა თანა.

ლიტურგიაზე: რომაელთა მიმართ 6,3-11

3. ანუ არა უწყითა, რამეთუ რომელთა-ესე ნათელ-ვიღეთ ქრისტე იესუჲს მიერ, სიკუდილისა მისისა მიმართ ნათელ-ვიღეთ? 4. და თანა-დავეფლენით მას ნათლის-ღებითა მით სიკუდილსა მისსა, რაჲთა ვითარცა-იგი აღდგა ქრისტე მკუდრეთით დიდებითა მამისაჲთა, ეგრეთცა ჩუენ განახლებითა ცხორებისაჲთა ვიდოდით. 5. რამეთუ უკუეთუ თანა-ნერგ ვექმნენით მსგავსებასა მას სიკუდილისა მისისასა, ეგრეთცა აღდგომასა მას მისსა ვიყვნეთ. 6. ესე უწყით, რამეთუ ძუელი იგი კაცი ჩუენი მის თანა ჯუარს-ეცუა, რაჲთა განქარდეს ჴორცი იგი ცოდვისაჲ, რაჲთა არღარა ვჰმონებდეთ ჩუენ ცოდვასა, 7. რამეთუ, რომელი – იგი მოკუდა, განმართლებულ არს ცოდვისაგან. 8. უკუეთუ მოვკუდეთ ქრისტეს თანა, გურწამს, რამეთუ მის თანაცა ვცხონდეთ. 9. ესე უწყით, რამეთუ ქრისტე აღდგა მკუდრეთით, არღარა მოკუდეს, და სიკუდილი მის ზედა არღარა უფლებდეს. 10. რამეთუ, რომელი იგი-მოკუდა, ცოდვითა მოკუდა ერთ-გზის, ხოლო რომელი-იგი ცხოველ არს, ცხოველ არს ღმრთისა. 11. ეგრეცა თქუენ შეჰრაცხენით თავნი თქუენნი მკუდრად ცოდვისათჳს და ცხოველად ღმრთისა ქრისტე იესუს მიერ უფლისა ჩუენისა.

მათე 28,1-20

1. ხოლო მწუხრი შაბათთასა, რომელი განთენდებოდა ერთშაბათად, მოვიდა მარიამ მაგდალინელი და სხუაჲ იგი მარიამ ხილვად საფლავისა მის. 2. და აჰა ძრვაჲ იყო დიდი, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ გარდამოჴდა ზეცით, მოვიდა და გარდააგორვა ლოდი იგი კარისა მისგან საფლავისა და დაჯდა მას ზედა. 3. ხოლო იყო ხილვაჲ მისი, ვითარცა ელვაჲ, და სამოსელი მისი სპეტაკ, ვითარცა თოვლი. 4. ხოლო საშინელებისაგან მისისა შეძრწუნდეს მცველნი იგი და იქმნნეს, ვითარცა მკუდარნი. 5. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა დედათა მათ: ნუ გეშინინ თქუენ; ვიცი, რამეთუ იესუს ნაზარეველსა ჯუარ-ცუმულსა ეძიებთ. 6. არა არს აქა, რამეთუ აღდგა, ვითარცა თქუა. მოვედით და იხილეთ ადგილი, სადა დაიდვა უფალი. 7. და ადრე წარვედით და უთხართ მოწაფეთა მისთა, ვითარმედ: აღდგა მკუდრეთით და აჰა წინა-გიძღჳს თქუენ გალილეას. მუნ იხილოთ იგი. აჰა ესერა გარქუ თქუენ. 8. ხოლო იგინი გამოვიდეს ადრე მიერ საფლავით შიშითა და სიხარულითა დიდითა, მირბიოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა. 9. და ვითარ-იგი მივიდოდეს თხრობად მოწაფეთა მისთა, და აჰა იესუ შეემთხჳა მათ და ჰრქუა: გიხაროდენ! ხოლო იგინი მოვიდეს და შეუვრდეს ფერჴთა მისთა და თაყუანის-სცეს მას. 10. მაშინ ჰრქუა მათ იესუ: ნუ გეშინინ, წარვედით და უთხართ ძმათა ჩემთა, რაჲთა წარვიდენ გალილეას და მუნ მიხილონ მე. 11. და ესენი ვითარცა წარვიდეს, აჰა ესერა დასისა მისგანნი შევიდეს ქალაქად და უთხრეს მღდელთ-მოძღუართა მათ ყოველი ესე, რაჲცა იქმნა. 12. ხოლო იგინი შეკრბეს მოხუცებულთა თანა და ზრახვა-ყვეს, ვეცხლი დიდძალი მისცეს ერისაგანთა მათ 13. და ჰრქუეს: ესრეთ თქუთ, ვითარმედ: მოწაფენი მისნი ღამე მოვიდეს და წარიპარეს იგი, ვიდრე ჩუენ მეძინა. 14. უკუეთუ ესმეს ესე მთავარსა მას, ჩუენ ვარწმუნოთ და თქუენ უზრუნველ-გყვნეთ. 15. ხოლო მათ მიიღეს ვეცხლი იგი და ყვეს ეგრე, ვითარცა ისწავეს მათგან. და განითქუა სიტყუაჲ ესე ჰურიათა შორის, ვიდრე დღეინდელად დღედმდე. 16. ხოლო ათერთმეტნი იგი მოწაფენი წარვიდეს გალილეას, მთასა მას, სადაცა უბრძანა მათ იესუ. 17. იხილეს იგი და თაყუანის-სცეს მას; ხოლო რომელნიმე შეორგულდეს. 18. მოუჴდა მათ იესუ, ეტყოდა და ჰრქუა: მომეცა მე ყოველი ჴელმწიფებაჲ ცათა შინა და ქუეყანასა ზედა. 19. წარვედით და მოიმოწაფენით ყოველნი წარმართნი და ნათელ-სცემდით მათ სახელითა მამისაჲთა და ძისაჲთა და სულისა წმიდისაჲთა, 20. და ასწავებდით მათ დამარხვად ყოველი, რაოდენი გამცენ თქუენ. და აჰა ესერა მე თქუენ თანა ვარ ყოველთა დღეთა და ვიდრე აღსასრულადმდე სოფლისა.

ლიტურგიაზე: ხარების: ებრაელთა მიმართ 2,11-18

11. რამეთუ განმწმედელი იგი და განწმედილნი იგი ერთისაგან არიან ყოველნი, რომლისათჳსაცა არა ჰრცხუენის ძმად წოდებაჲ მათი და იტყჳს: 12. მიუთხრა სახელი შენი ძმათა ჩემთა და შორის კრებულსა გიგალობდე შენ. 13. და მერმე იტყჳს: მე ვიყო მოსავ მისსა; და კუალად: აჰა ესერა მე და ყრმანი, რომელნი მომცნა მე ღმერთმან. 14. რამეთუ ყრმათაცა ეზიარა ჴორცითა და სისხლითა, და თავადმან მსგავსად მოიღო მათივე, რაჲთა სიკუდილითა მით განაქარვოს, რომლისა-იგი ჴელმწიფებაჲ აქუნდა სიკუდილისაჲ, ესე იგი არს ეშმაკი, 15. და განათავისუფლნეს ესენი, რაოდენნი შიშითა სიკუდილისაჲთა სამარადისოდ ცხორებად თანა-მდებ იყვნეს კირთებისა. 16. რამეთუ არასადაჲთ ანგელოზთაჲთ იწყო, არამედ ნათესავისაგან აბრაჰამისა იწყო. 17. ამისთჳს ჯერ-იყო მისა ყოვლითავე ძმათა მსგავსებაჲ, რაჲთა მოწყალე ექმნეს და სარწმუნო მღდელთმოძღუარ ღმრთისა მიმართ, რაჲთა ულხინებდეს ცოდვილთა ერისათა. 18. რამეთუ რომლითა-იგი ივნო თავადმან და გამოიცადა, ძალ-უც, რომელნი-იგი განიცადებოდიან, მათდაცა შეწევნად.

ლუკა 1,24-38

24. და შემდგომად დღეთა მათ მიუდგა ელისაბედ, ცოლი მისი, და იფარვიდა თავსა თჳსსა ხუთ თუე და იტყოდა, 25. ვითარმედ: ესრეთ მიყო მე უფალმან დღეთა ამათ, რომელთა მოხედვა-ყო მოსპოლვად ყუედრებაჲ ჩემი კაცთა შორის. 26. და თუესა მეექუსესა მოივლინა გაბრიელ ანგელოზი ღმრთისა მიერ ქალაქად გალილეაჲსა, რომლისა სახელი ნაზარეთ, 27. ქალწულისა, თხოილისა ქმრისა, რომლისა სახელი იოსებ, სახლისაგან და ტომისა დავითისა, და სახელი ქალწულისაჲ მის მარიამ. 28. და შევიდა ანგელოზი იგი მისა და ჰრქუა: გიხაროდენ, მიმადლებულო! უფალი შენ თანა. კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის. 29. ხოლო მან რაჲ იხილა, შეძრწუნდა სიტყუასა მას მისსა ზედა და განიზრახვიდა: ვითარ-მე არს მოკითხვაჲ ესე? 30. და ჰრქუა მას ანგელოზმან მან: ნუ გეშინინ, მარიამ, რამეთუ ჰპოვე მადლი წინაშე ღმრთისა. 31. და აჰა ესერა შენ მუცლად-იღო და ჰშვე ძე და უწოდი სახელი მისი იესუ. 32. ესე იყოს დიდ და ძე მაღლის ეწოდოს, და მისცეს მას უფალმან ღმერთმან საყდარი დავითის, მამისა თჳსისაჲ. 33. და მეუფებდეს სახლსა ზედა იაკობისსა საუკუნოდ, და სუფევისა მისისაჲ არა იყოს დასასრულ. 34. ჰრქუა მარიამ ანგელოზსა მას: ვითარ-მე იყოს ესე ჩემდა, რამეთუ მე მამაკაცი არა ვიცი? 35. მიუგო ანგელოზმან მან და ჰრქუა მას: სული წმიდაჲ მოვიდეს შენ ზედა, და ძალი მაღლისაჲ გფარვიდეს შენ; ამისთჳსცა შობილსა მას წმიდა ეწოდოს და ძე მაღლის. 36. და აჰა ელისაბედ, ნათესავი შენი, იგიცა მიდგომილ არს ძესა სიბერესა თჳსსა, და ესე მეექუსე თუჱ არს მისი, რომელსა-იგი ერქუა ბერწ. 37. რამეთუ არა შეუძლებელ არს წინაშე ღმრთისა ყოველი სიტყუაჲ. 38. ჰრქუა მას მარიამ: აჰა მჴევალი უფლისაჲ; მეყავნ მე სიტყჳსაებრ შენისა! და წარვიდა მისგან ანგელოზი იგი.