საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 21,12-19
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
ლიტურგიაზე: მოწამეთა: ებრაელთა მიმართ 12,1-10
1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. 4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? 10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
მათე 20,1-16
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.
მწუხრზე: შესაქმე 3,21-4,7
21. და უქმნა უფალმან ღმერთმან ადამს და ცოლსა მისსა სამოსელნი ტყავისანი და შეჰმოსნა მათ. 22. და თქუა უფალმან ღმერთმან: აჰა, ადამ იქმნა, ვითარცა ერთი ჩუენგანი, მეცნიერ კეთილისა და ბოროტისა. და აწ ნუ-სა-და მიყოს ჴელი თჳსი და მოიღოს ხისაგან ცხორებისა, და ჭამოს და ცხონდეს უკუნისამდე. 23. და განავლინა იგი უფალმან ღმერთმან სამოთხისაგან საშუებელისა საქმედ ქუეყანისა, რომლისაგან მოღებულ იქმნა. 24. და განჴადა ადამ და დაამკჳდრა იგი წინაშე საშუებელსა სამოთხისასა და დააწესა ქერობინი და მოტყინარე მახჳლი იქცევისი დაცვად გზასა ხისა ცხორებისასა. 1. ხოლო ადამ იცნა ევაჲ ცოლი თჳსი. და მიდგომილმან შვა კაინ. და თქუა: მოვიგეთ კაცი ღმრთისა მიერ. 2. და შესძინა შობად ძმაჲ მისი აბელ და იქმნა იგი მწყემს ცხოვართა; ხოლო კაინ - მშრომელ ქუეყანისა. 3. და იყო შემდგომად დღეთა მოართუა კაინ ნაყოფთაგან ქუეყანისათა მსხუერპლი უფალსა. 4. და აბელ მოართუა მან-ცა პირმშოთაგან ცხოვართა მისთასა და ცმელთაგან. და მოიხილა ღმერთმან აბელს ზედა და ძღუენთა მისთა ზედა. 5. ხოლო კაინს ზედა და მსხუერპლთა მისთა ზედა არა მოიხილა. და შეწუხნა კაინ ფრიად. და შეიჭუვნა პირი მისი. 6. და ჰრქუა უფალმან ღმერთმან კაინს: რათა რად შეიჭუვინ პირი შენი, არცა მართლიად შემოწირე. 7. ხოლო მართლიად არა განჰყავ, სცოდე, დაყუდენ. შენდამი მიქცევაჲ მისი და შენ ჰმთავრობდი მას.
იგავთა 3,34-4,22
34. უფალი ამპარტავანთა შეჰმუსრავს, ხოლო მდაბალთა მოსცის მადლი. 35. დიდებაჲ ბრძენთა დაიმკჳდრონ, ხოლო უღმრთოთა აღამაღლეს გინებაჲ. 1. ისმინეთ ყრმათა სწავლაჲ მამისაჲ და ერჩდით ცნობად გულისჴმის-ყოფასა, 2. რამეთუ ნიჭსა კეთილსა მიგანიჭებ თქუენ, შჯულსა ჩემსა ნუ დაუტეობთ, 3. რამეთუ შვილი ვიყავ მეცა მამისა მორჩილი, და საყუარელ წინაშე პირსა დედისასა. 4. რომელნი მასწავებდეს მე და მეტყოდეს: დაჰჯერდინ სიტყუაჲ ჩუენი გულსა შენსა; დაიცვენ მცნებანი ჩემნი და ნუ დაივიწყებ და ნუცა უგულებელს-ჰყოფ სიტყუათა პირისა ჩემისათა, 5. ნუცა გარდააქცევ თქუმულთაგან პირისა ჩემისათა, 6. ნუცა დაუტეობ მას და შეგეწიოს შენ; ეტრფიალე მას და დაგიცვას შენ. 7. დასაბამად სიბრძნისა მოიგე სიბრძნე და ყოველთა საუნჯეთა წილ მოიგე გონიერებაჲ. 8. გარემოიზღუდე იგი და აღგამაღლოს შენ; პატივ-ეც, რათა შეგიტკბოს შენ, 9. რათა მოსცეს თავსა შენსა გჳრგჳნი მადლისაჲ და გჳრგჳნითა საშუებელისათა შეგეწიოს შენ. 10. ისმინე, შვილო, და შეიწყნარენ სიტყუანი ჩემნი, და განმრავლდენ წელნი ცხორებისა შენისანი, რათა იყუნენ შენდა მრავალ გზაჲ ცხორებისაჲ, 11. რამეთუ გზანი ცხორებისანი გასწავენ შენ და გულისჴმა-გიყვენ შენ ალაგნი მართალნი. 12. უკუეთუ ხჳდოდი, არა დაიჴსნენ სლვანი შენნი, და ჰრბიოდი თუ, არა დაჰშურე. 13. შეეკრძალე სწავლასა ჩემსა და ნუ დაუტეობ, არამედ დაიმარხე თავისა შენისა ცხორებად იგი შენდა. 14. გზასა უღმრთოთასა ნუ მიხუალ, ნუცა ჰბაძავ ალაგთა უშჯულოთასა. 15. რომელსა ადგილსა განეწყვებოდიან, ნუ მიხუალ მუნ. მიაქციენ მისგან ფერჴნი შენნი და დაუტევე იგი, 16. რამეთუ არა დაიძინიან, ვიდრე არა ბოროტი ქმნიან. მიღებულ არს ძილი მათგან და არა დაიძინიან, 17. რომელნი იზარდებიან საჭმლითა უღმრთოებისათა, და ღჳნითა უშჯულოებისათა დაითრვნიან. 18. ხოლო გზანი მართალთანი, ვითარცა ნათელნი, ბრწყინვიდენ; წინაუძღოდიან და განანათლებდენ, ვიდრე წარმოემართოს დღე. 19. ხოლო გზანი უღმრთოთანი ბნელ არიან და არა უწყიან, სადა წარახეთქონ ფერჴი. 20. შვილო, თქუმულთა ჩემთა ეკრძალე, და სიტყუათა ჩემთა მოეც გონებაჲ შენი, 21. რათა არა მოგაკლდენ შენ წყარონი ცხორებისანი, დაიმარხენ იგინი გულსა შენსა, 22. რამეთუ ცხორებაჲ არს, რომელთა პოონ იგი, და ყოველთა ჴორცთა მათთა ლხინებაჲ.


