ძველი სტილით 29 ივნისი

სულთმოფენობიდან მე-6 კვირა, ხმა 5

დღევანდელ დღეზე დაბრუნება

საკითხავები

ცისკარზე: სახარება მე-6, ლუკა 24,36-53

36. და ვითარ იგინი ამას იტყოდეს ოდენ, და თავადი იესუ დადგა შორის მათსა და ჰრქუა მათ: მშჳდობაჲ თქუენ თანა! 37. ხოლო იგინი შეძრწუნდეს და შეეშინა, ეგონა, ვითარმედ სული რაჲმე იხილეს. 38. და თავადმან ჰრქუა მათ: რაჲსა შეძრწუნებულ ხართ, და რაჲსათჳს გულის-სიტყუანი მრავალნი მოვლენან გულთა თქუენთა? 39. იხილენით ჴელნი ჩემნი და ფერჴნი, რამეთუ თავადი მე ვარ; ჴელი შემახეთ მე და იხილეთ, რამეთუ სულსა ჴორც და ძუალ არა ასხენ, ვითარცა-ესე მე მხედავთ, რამეთუ მასხენ. 40. და ესე რაჲ თქუა, უჩუენნა მათ ჴელნი და ფერჴნი მისნი. 41. და ვიდრე-იგი არღა ჰრწმენა მათ სიხარულისა მისგან და საკჳრველებისა, ჰრქუა მათ იესუ: გაქუს რაჲ აქა ჭამადი? 42. ხოლო მათ მიუპყრეს მას თევზისა მწურისა ნახევარი და თაფლისაგან გოლი. 43. და ჭამა წინაშე მათსა და მოიღო ნეშტი იგი და მისცა მათ 44. და ჰრქუა: ესე იგი სიტყუანი არიან, რომელთა გეტყოდე თქუენ, ვიდრე-იგი ვიყავღა თქუენ თანა, ვითარმედ: ჯერ-არს აღსრულებად ყოველი წერილი სჯულსა მოსესსა და წინაწარმეტყუელთასა და ფსალმუნთა ჩემთჳს. 45. მაშინ განუხუნა გონებანი მათნი გულისჴმის-ყოფად წიგნთა. 46. და ჰრქუა მათ, რამეთუ: ესრეთ ჯერ-იყო ვნებად ქრისტესა და აღდგომად მკუდრეთით მესამესა დღესა. 47. და ქადაგებად სახელითა მისითა სინანული და მოტევებაჲ ცოდვათაჲ ყოველთა მიმართ წარმართთა, იწყეთ იერუსალჱმით, 48. რამეთუ თქუენ ხართ მოწამე ამის ყოვლისა. 49. და აჰა ესერა მე მოგივლინო თქუენ აღთქუმაჲ იგი მამისა ჩემისაჲ. ხოლო თქუენ დასხედით ქალაქსა ამას შინა იერუსალჱმსა, ვიდრემდე შეიმოსოთ ძალი მაღლით. 50. და განიყვანნა იგინი გარე ვიდრე ბეთანიადმდე და აღიპყრნა ჴელნი თჳსნი და აკურთხნა იგინი. 51. და იყო კურთხევასა მას იესუჲსსა მათა მიმართ განეშორა მათგან და აღვიდოდა ზეცად. 52. და იგინი თაყუანის-სცემდეს მას და მოიქცეს იერუსალჱმდ სიხარულითა დიდითა. 53. და იყოფვოდეს ტაძარსა მას შინა მარადის, აქებდეს და აკურთხევდეს ღმერთსა. ამინ.

ლიტურგიაზე: რომაელთა მიმართ 12,6-14

6. ხოლო გუაქუს ჩუენ ნიჭები მადლისა მისებრ მოცემულისა ჩუენდა თითო-სახედ, გინა თუ წინაწარმეტყუელებაჲ საზომისაებრ სარწმუნოებისა, 7. გინა რომელი ჰმსახურებდეს მსახურებითა მით; გინა რომელი ასწავებდეს - სწავლითა მით; 8. გინა რომელი ნუგეშინის-სცემდეს - ნუგეშინის-ცემითა მით; რომელი მისცემდეს - უხუებით; რომელი ზედა-ადგებოდის - მოსწრაფებით; რომელი სწყალობდეს - მხიარულებით, 9. სიყუარულითა შეუორგულებელითა. განეშორენით ბოროტსა და შეეყვენით კეთილსა; 10. ძმათმოყუარებითა ურთიერთას მოწლედ მოსურნე იყვენით; პატივის-ცემასა ურთიერთსა უსწრობდით; 11. სწრაფასა ნუ მცონარე ხართ; სულითა მდუღარე იყვენით; უფალსა ჰმონებდით; 12. სასოებასა გიხაროდენ, ჭირსა დაუთმობდით, ლოცვასა განკრძალულ იყვენით; 13. საჴმარსა წმიდათასა ეზიარებოდეთ, სტუმრის მოყუარებასა შეუდეგით; 14. აკურთხევდით მდევართა თქუენთა, აკურთხევდით და ნუ სწყევთ;

მათე 9,1-8

1. და შევიდა ნავსა და წიაღჴდა და მოვიდა თჳსად ქალაქად. 2. მაშინ მოართუეს მას განრღვეული ცხედარსა ზედა მდებარე და იხილა იესუ სარწმუნოებაჲ მათი და ჰრქუა განრღვეულსა მას: ნუ გეშინინ, შვილო, მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი. 3. და აჰა ესერა მწიგნობართაგანთა ვიეთმე თქუეს გულთა შინა მათთა, ვითარმედ: ესე გმობს. 4. იცოდნა იესუ ზრახვანი მათნი და ჰრქუა მათ: რაჲსა თქუენ ბოროტსა ჰზრახავთ გულთა შინა თქუენთა? 5. რაჲ უადვილეს არს სიტყუად: მიგეტევნენ შენ ცოდვანი შენნი, ანუ სიტყუად: აღდეგ და ვიდოდე? 6. ხოლო რაჲთა უწყოდით, რამეთუ ჴელმწიფებაჲ აქუს ძესა კაცისასა ქუეყანასა ზედა მიტევებად ცოდვათა, მაშინ ჰრქუა განრღვეულსა მას: აღდეგ, აღიღე ცხედარი შენი და წარვედ სახედ შენდა! 7. და იგი მეყსეულად აღდგა და წარვიდა სახედ თჳსა. 8. იხილა რაჲ ესე ერმან მან, დაუკჳრდა და ადიდებდეს ღმერთსა, რომელმან მოსცა ესევითარი ჴელმწიფებაჲ კაცთა.

მოციქულთა: 2 კორინთელთა მიმართ 11,21-12,9

21. საკდემელად თქუენდა გეტყჳ, ვითარმედ ჩუენ რეცა მოუძლურდით; რომლითა-იგი ვინმე იკადრებს სიქადულსა, უგუნურებით ვიტყჳ, ვიკადრო მეცა. 22. ებრაელ თუ არიან? მეცა. ისრაიტელ თუ არიან? მეცა. ნათესავნი თუ აბრაჰამისნი არიან? მეცა; 23. მსახურნი თუ ქრისტესნი არიან? უუგუნურესადრე ვიტყჳ: უფროჲსღა მე; შრომითა უმეტეს, ტანჯვითა უმეტეს, პყრობილებითა გარდარეულად, სიკუდილთა შინა მრავალ-გზის. 24. ჰურიათაგან ხუთ-გზის ორმეოცსა ერთი მოკლებული ცემაჲ მოვიღე. 25. სამ-გზის კუერთხითა ვიეც, ერთ-გზის ქვითა განვიტჳნე, სამ-გზის ნავი დამექცა, ღამე და დღე უფსკრულთა შინა დავყავ. 26. გზისა სლვანი მრავალ-გზის, ჭირნი მდინარეთანი, ჭირნი ავაზაკთანი, ჭირნი ნათესავთაგან, ჭირნი წარმართთაგან, ჭირნი ქალაქთა შინა, ჭირნი უდაბნოთა ზედა, ჭირნი ზღუათა შინა, ჭირნი ძმათა-მტყუვართაგან, 27. შრომითა და რუდუნებითა, მღჳძარებითა მრავალ-გზის, შიმშილითა და წყურილითა, მარხვითა მრავალ-გზის, ყინელითა და შიშლოებითა. 28. გარეშე მისა, რომელი მოიწევის ჩემ ზედა დღითი დღედ, ზრუნვაჲ ყოველთა ეკლესიათაჲ. 29. ვინ უძლურ არნ, და მე არა უძლურ ვიყვი? ვინ დაჰბრკოლდებინ, და მე არა ვჴურვიდი? 30. უკუეთუ ჯერ-არს სიქადული, უძლურებისა ჩემისასა ვიქადოდი. 31. ღმერთმან და მამამან უფლისა ჩუენისა იესუ ქრისტესმან იცის, რომელი-იგი არს კურთხეულ უკუნისამდე, რამეთუ არა ვტყუი. 32. დამასკეს შინა მთავარსა არეტა მეფისასა მოეცვა ქალაქი დამასკელთაჲ, შეპყრობაჲ ჩემი უნდა; 33. და სარკუმლით სარგნითა გარდავჰჴედ ზღუდესა და განვერი ჴელთაგან მისთა. 1. უკუეთუ სიქადული ჯერ-არს, შე-არა-ჰგავს ჩემდა, ხოლო მოვიდე ხილვასა და გამოცხადებასა უფლისასა. 2. ვიცი კაცი ქრისტეს მიერ უწინარეს ათოთხმეტისა წლისა, გინა თუ ჴორცითა, არა ვიცი, გინა თუ თჳნიერ ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, აღიტაცა ესევითარი კაცი ვიდრე მესამედ ცადმდე. 3. და ვიცი ესევითარი კაცი, გინა თუ ჴორცითა გინა თუ გარეშე ჴორცთასა, არა ვიცი, ღმერთმან იცის, 4. რამეთუ მიიტაცა სამოთხედ და ესმნეს უთქუმელნი სიტყუანი, რომელ არა ჯერ-არიან კაცთა სიტყუად. 5. ესევითარისათჳს ვიქადი; ხოლო თავისა ჩემისათჳს არა ვიქადი, გარნა უძლურებათა შინა ჩემთა. 6. ხოლო უკუეთუ მინდეს სიქადულის, არა ვიყო უგუნურ, რამეთუ ჭეშმარიტი ვთქუა; ხოლო ვერიდები, ნუ ვინმე ჩემდა შეჰრაცხოს, რომლისათჳს-ესე მხედავს მე გინა თუ ესმის რაჲმე ჩემგან. 7. და გარდარეულებითა ამით გამოცხადებათაჲთა რაჲთა არა აღვიმაღლო, მომეცა მე საწერტელი ჴორცთაჲ-ანგელოზ სატან, რაჲთა დამქენჯნიდეს მე, რაჲთა არა აღვიმაღლო. 8. და ამისთჳს სამ-გზის ვევედრე უფალსა, რაჲთა განმაშოროს ჩემგან. 9. და მრქუა: კმა არს შენდა მადლი ჩემი, რამეთუ ძალი ჩემი უძლურებასა შინა სრულ იქმნების, უმჯობესღა უკუე და უფროჲს ვიქადი უძლურებათა შინა ჩემთა, რაჲთა დაიმკჳდროს ჩემთანა ძალმან ქრისტესმან.

მათე 16,13-19

13. მო-რაჲ-ვიდა იესუ ადგილთა მათ კესარია ფილიპესთა, ჰკითხვიდა მოწაფეთა თჳსთა და ჰრქუა: რაჲ თქჳან კაცთა ძისა კაცისა ყოფად? 14. ხოლო მათ ჰრქუეს: რომელთამე იოვანე ნათლის-მცემელი, რომელთამე ელია და სხუათა იერემია გინა ერთი წინაწარმეტყუელთაგანი. 15. ხოლო მან ჰრქუა მათ: თქუენ ვინ გგონიე მე ყოფად? 16. მიუგო სიმონ-პეტრე და ჰრქუა მას: შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ნეტარ ხარ შენ, სიმონ, ბარ იონა, რამეთუ ჴორცთა და სისხლთა არა გამოგიხცადეს, არამედ მამამან ჩემმან ზეცათამან. 18. და მე გეტყჳ შენ, რამეთუ შენ ხარ კლდე, და ამას კლდესა ზედა აღვაშენო ეკლესიაჲ ჩემი, და ბჭენი ჯოჯოხეთისანი ვერ ერეოდიან მას. 19. და მიგცნე შენ კლიტენი სასუფეველისა ცათაჲსანი; და რომელი შეჰკრა ქუეყანასა ზედა, კრულ იყოს იგი ცათა შინა; და რომელი განჰჴსნა ქუეყანასა ზედა, ჴსნილ იყოს იგი ცათა შინა.