საკითხავები
მოციქულისა: ცისკარზე: მათე 4,18-23
18. და იქცეოდა რაჲ იესუ ზღჳსკიდესა მას გალილეაჲსასა, იხილნა ორნი ძმანი: სიმონ, რომელსა ეწოდა პეტრე, და ანდრეა, ძმაჲ მისი, ითხევლიდეს რაჲ სათხევლითა ზღუასა მას, რამეთუ იყვნეს მესათხევლე. 19. და ჰრქუა მათ: მოვედით და შემომიდეგით მე, და გყვნე თქუენ მესათხევლე კაცთა. 20. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ბადე მათი და შეუდგეს მას. 21. და წარმოვიდა მიერ და იხილნა სხუანი ორნი ძმანი: იაკობ ზებედესი და იოვანე, ძმაჲ მისი, ნავსა შინა ზებედეს თანა, მამისა მათისა, გან-რაჲ-აგდებდეს ბადეთა მათთა, და უწოდა მათ. 22. ხოლო მათ მეყსეულად დაუტევეს ნავი იგი და მამაჲ მათი და მისდევდეს მას. 23. და მოჰვლიდა იესუ ყოველსა გალილეასა და ასწავებდა შესაკრებელთა შორის მათთა და ქადაგებდა სახარებასა სასუფეველისასა და განჰკურნებდა ყოველსა სენსა და ყოველსა უძლურებასა ერსა შორის.
საქმე მოციქულთა 10,1-16
1. კაცი ვინმე იყო კესარიას შინა სახელით კორნილეოს, ასისთავი, ტომისაგან, რომელსა ჰრქჳან იტალიკე, 2. კეთილად მსახური და მოშიში უფლისაჲ ყოვლითურთ სახლეულით თჳსით, იქმოდა ქველის საქმესა მრავალსა ერსა მას შორის და ევედრებოდა ღმერთსა მარადის. 3. იხილა მან ჩუენებით განცხადებულად ვითარ მეცხრესა ოდენ ჟამსა მის დღისასა, რამეთუ ანგელოზი უფლისაჲ მოვიდა მისა და ჰრქუა მას: კორნილიე! 4. და მან მიხედა მას და ზარი განჰჴდა და ჰრქუა მას: რაჲ არს, უფალო? ხოლო მან ჰრქუა მას: ლოცვანი შენნი და ქველის საქმენი შენნი აღვიდეს საჴსენებელად შენდა წინაშე უფლისა. 5. და აწ მიავლინენ შენ იოპედ კაცნი და მოუწოდე სიმონს, რომელსა ჰრქჳან პეტრე. 6. ამისი ვანი არს სიმონის ვისმე თანა მეპრატაკისა, რომლისა ტაძარი ახს ზღუასა. 7. და ვითარცა წარვიდა ანგელოზი იგი, რომელი ეტყოდა მას, მოუწოდა ორთა მონათა მისთა და ერის კაცსა, კეთილად მსახურსა, წინაშე მდგომელსა მისსა, 8. და უთხრა მათ ესე ყოველი და წარავლინნა იგინი იოპედ. 9. და ხვალისაგან მი-რაჲ-ვიდოდეს იგინი გზასა ზედა, ქალაქსა მიეახლნეს, აღჴდა პეტრე ერდოსა ზედა ლოცვად ჟამსა მეექუსესა, 10. რამეთუ შეემშია და უნდა პირისა ჴსნაჲ. და ვიდრე იგინი უმზადებდეს მას, იყო მის ზედა განკჳრვებაჲ, 11. და ხედვიდა ცათა განხუმულთა და გარდამომავალსა ჭურჭელსა რასმე, ვითარცა ტილოსა დიდსა ოთხთაგან კიდეთა ზე დამოკიდებულსა ზეცით ქუეყანად, 12. რომელსა შინა იყო ყოველი ოთხფერჴი და ქუეწარმავალი და მჴეცი ქუეყანისაჲ და მფრინველნი ცისანი. 13. და იყო ჴმაჲ მისა მიმართ: აღდეგ პეტრე, დაკალ და ჭამე. 14. მიუგო პეტრე და ჰრქუა: ნუ იყოფინ, უფალო, რამეთუ არასადა შეგინებული და არაწმიდაჲ შესრულ არს პირსა ჩემსა. 15. და მერმე კუალად მეორედ ჴმაჲ იყო მისა მიმართ და თქუა: რომელი-იგი ღმერთმან წმიდა ყო, შენ ნუ შეგინებულ გიჩნს. 16. ხოლო ესე იყო სამ გზის, და კუალად ამაღლდა ჭურჭელი იგი მუნვე ზეცად.
იოანე 6,56-69
56. და რომელი ჭამდეს ჴორცსა ჩემსა და სუმიდეს სისხლსა ჩემსა, იგი ჩემ თანა დადგომილ არს, და მე მის თანა. 57. ვითარცა მომავლინა მე ცხოველმან მამამან, და მეცა ცხოველ ვარ მამისა თანა; და რომელი ჭამდეს ჩემგან, იგიცა ცხონდეს ჩემ მიერ. 58. რამეთუ ესე არს პური, რომელი ზეცით გარდამოჴდა. არა ეგრეთ, ვითარ-იგი ჭამეს მამათა თქუენთა მანანაჲ და მოსწყდეს. ხოლო რომელი ჭამდეს ამას პურსა, ცხონდეს უკუნისამდე. 59. ესე თქუა შესაკრებელსა შორის და ასწავებდა კაპერნაუმს. 60. მრავალთა უკუე მოწაფეთა მისთაგანთა ესმა ესე და იტყოდეს: ფიცხელ არს სიტყუაჲ ესე: ვის ჴელ-ეწიფების სმენად მისა? 61. იცოდა იესუ თავით თჳსით, რამეთუ დრტჳნვენ მოწაფენი მისნი ამისთჳს, და ჰრქუა მათ: ესე დაგაბრკოლებსა თქუენ? 62. უკუეთუ იხილოთ ძე კაცისაჲ აღმავალი, სადაცა იყო პირველ? 63. სული არს განმაცხოველებელ, ხოლო ჴორცნი არად სარგებელ არიან; სიტყუათა რომელთა გეტყჳ თქუენ, სულ არიან და ცხორება. 64. არამედ არიან ვინმე თქუენგანნი, რომელთა არა ჰრწამს. რამეთუ იცოდა იესუ პირველითგან, თუ ვინ არიან იგინი, რომელთა არა ჰრწამს, ანუ ვინ არს მიმცემელი მისი. 65. და ეტყოდა: ამისთჳს გარქუ თქუენ: ვერვის ჴელ-ეწიფების მოსლვად ჩემდა, უკუეთუ არა არს მოცემულ მისა მამისაგან ჩემისა. 66. ამის გამო მრავალნი მოწაფეთა მისთაგანნი უკუნიქცეს და არღარა ვიდოდეს მის თანა. 67. ჰრქუა იესუ ათორმეტთა მათ: ნუუკუე თქუენცა გნებავს წარსლვის? 68. მიუგო მას სიმონ-პეტრე და ჰრქუა: უფალო, ვისა მივიდეთ ჩუენ? რამეთუ სიტყუანი ცხორებისა საუკუნოჲსანი გქონან შენ. 69. და ჩუენ გურწმენა და გჳცნობიეს, რამეთუ შენ ხარ ქრისტე, ძე ღმრთისა ცხოველისაჲ.
ლიტურგიაზე: 1 კორინთელთა მიმართ 4,9-16
9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. 11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, 12. რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13. მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე. 14. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ. 15. რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.
იოანე 1,35-51
35. ხვალისა დღე დგა კუალად იოვანე და მოწაფეთა მისთაგანნი ორნი. 36. და მიჰხედა იესუს, ვიდოდა რაჲ იგი, და თქუა: აჰა ტარიგი ღმრთისაჲ. 37. და ესმა მისი ორთა მათ მოწაფეთა, იტყოდა რაჲ ამას, და მისდევდეს იესუს. 38. მოექცა იესუ და იხილნა იგინი, მი-რაჲ-სდევდეს მას, და ჰრქუა მათ: რასა ეძიებთ? ხოლო მათ ჰრქუეს მას: რაბი (რომელი ითარგმანების „მოძღუარ“), სადა იყოფი? 39. ჰრქუა მათ: მოვედით და იხილეთ. და მივიდეს და იხილეს, სადა იყოფოდა, და მის თანა დაადგრეს მას დღესა შინა. ჟამი იყო ვითარ მეათე. 40. იყო ანდრეა, ძმაჲ სიმონ-პეტრესი, ერთი ორთაგანი, რომელთა ესმა იოვანესგან, და მისდევდეს მას. 41. პოვა ამან პირველად ძმაჲ თჳსი სიმონ და ჰრქუა მას: ვპოეთ მესია, რომელ არს თარგმანებით: „ქრისტე“. 42. ამან მოიყვანა იგი იესუჲსა. მიხედა მას იესუ და ჰრქუა: შენ ხარ სიმონ, ძე იონაჲსი, შენ გეწოდოს კეფა, რომელი ითარგმანების „კლდე“. 43. ხვალისაგან უნდა იესუს განსლვად გალილეად და პოვა ფილიპე და ჰრქუა მას იესუ: მომდევდი მე. 44. ხოლო იყო ფილიპე ბეთსაიდაჲთ, ქალაქისაგან ანდრეაჲსა და პეტრესა. 45. პოვა ფილიპე ნათანაელ და ჰრქუა მას: რომელი-იგი დაწერა მოსე სჯულსა და წინაწარმეტყუელთა, ვპოეთ: იესუ, ძე იოსებისი, ნაზარეთით. 46. და ჰრქუა მას ნათანაელ: ნაზარეთით შესაძლებელ არსა კეთილისა რაჲსამე ყოფად? ჰრქუა მას ფილიპე: მოვედ და იხილე. 47. იხილა რაჲ იესუ ნათანაელ, მომავალი მისა, და თქუა მისთჳს: აჰა ჭეშმარიტად ისრაიტელი, რომლისა თანა ზაკუვაჲ არა არს. 48. ჰრქუა მას ნათანაელ: ვინაჲ მიცი მე? მიუგო იესუ და ჰრქუა მას: პირველ ფილიპეს ჴმობადმდე შენდა, იყავ რაჲ ლეღუსა ქუეშე, გიხილე შენ. 49. მიუგო მას ნათანაელ და ჰრქუა: რაბი, შენ ხარ ძე ღმრთისაჲ, შენ ხარ მეუფჱ ისრაჱლისაჲ. 50. მიუგო იესუ და ჰრქუა მას, რამეთუ: გარქუ შენ, ვითარმედ: გიხილე შენ ლეღუსა ქუეშე, და გრწამს; უფროჲსი ამათსა იხილო. 51. და ჰრქუა მათ: ამენ, ამენ გეტყჳ თქუენ: ამიერითგან იხილნეთ ცანი განხუმულნი და ანგელოზნი ღმრთისანი, აღმავალნი და გარდამომავალნი ძესა ზედა კაცისასა.


