საკითხავები
ღმრთისმშობლისა: ცისკარზე: ლუკა 1,39-49;56
39. და აღდგა მარიამ მათ დღეთა შინა და წარვიდა მთად კერძო მსწრაფლ ქალაქად იუდაჲსა. 40. და შევიდა სახლსა ზაქარიაჲსსა და მოიკითხა ელისაბედ. 41. და იყო ვითარცა ესმა ელისაბედს მოკითხვაჲ მარიამისი, ჰკრთებოდა ყრმაჲ იგი მუცელსა მისსა. და აღივსო სულითა წმიდითა ელისაბედ. 42. და ჴმა-ყო ჴმითა დიდითა და თქუა: კურთხეულ ხარ შენ დედათა შორის, და კურთხეულ არს ნაყოფი მუცლისა შენისაჲ! 43. და ვინაჲ ჩემდა ესე, რაჲთა მოვიდეს დედაჲ უფლისა ჩემისაჲ ჩემდა? 44. რამეთუ აჰა ესერა ვითარცა იყო ჴმაჲ მოკითხვისა შენისაჲ ყურთა მომართ ჩემთა, ჰკრთებოდა ყრმაჲ ესე სიხარულით მუცელსა ჩემსა. 45. და ნეტარ არს, რომელსა ჰრწმენეს, რამეთუ იყოს აღსრულებაჲ თქუმულთაჲ მათ მისა მიმართ უფლისა მიერ. 46. და თქუა მარიამ: ადიდებს სული ჩემი უფალსა, 47. და განიხარა სულმან ჩემმან ღმრთისა მიმართ, მაცხოვრისა ჩემისა, 48. რამეთუ მოხედნა სიმდაბლესა ზედა მჴევლისა თჳსისასა; რამეთუ აჰა ესერა ამიერითგან მნატრიდენ მე ყოველნი ნათესავნი; 49. რამეთუ ყო ჩემ თანა დიდებული ძლიერმან, და წმიდა არს სახელი მისი, … 56. და დაადგრა მარიამ ელისაბედის თანა სამ თუე და წარვიდა სახიდ თჳსა.
ლიტურგიაზე: 1 კორინთელთა მიმართ 4,9-16
9. რამეთუ ვჰგონებ, ვითარმედ ღმერთმან ჩუენ მოციქულნი უკანაჲსკნელად გამოგუაჩინნა ვითარცა სასიკუდინენი, რამეთუ სახილველ ვიქმნენით სოფლისა და ანგელოზთა და კაცთა. 10. ჩუენ სულელ ქრისტესთჳს, ხოლო თქუენ ბრძენ ქრისტეს მიერ; ჩუენ უძლურ, ხოლო თქუენ ძლიერ; თქუენ დიდებულ, ხოლო ჩუენ გინებულ. 11. ვიდრე აქა ჟამადმდე გუშიისცა და გუწყურისცა და შიშუელ ვართ და ვიქენჯნებით, და განუსუენებელ ვართ და ვშურებით, 12. რამეთუ ვიქმთ ჴელითა ჩუენითა. მაგინებელთა ჩუენთა ვაკურთხევთ; ვიდევნებით და თავს-ვიდებთ; 13. მგმობართა ჩუენთა ულოცავთ; ვითარცა ნარჩევნი სოფლისანი შევიქმნენით, ყოველთა ნასხურ მოაქამდე. 14. არა საკდემელად თქუენდა მივსწერ ამას, არამედ ვითარცა შვილთა ჩემთა საყუარელთა გასწავებ. 15. რამეთუ დაღათუ ბევრ მზარდულ გესხნენ ქრისტეს მიერ, არამედ არა მრავალ მამა, რამეთუ ქრისტე იესუჲს მიერ სახარებისა მისგან მე გშვენ თქუენ. 16. გლოცავ თქუენ: მობაძავ ჩემდა იყვენით.
მათე 17,14-23
14. და ვითარცა მოვიდეს იგინი ერისა მის, მოუჴდა მას კაცი ერთი, მუჴლნი დაიდგინა მის წინაშე და ეტყოდა: 15. უფალო, შეიწყალე ძე ჩემი, რამეთუ ცისად-ცისად ბოროტად იგუემების, რამეთუ მრავალ-გზის შთავარდის იგი ცეცხლსა და მრავალ-გზის წყალსა. 16. და მოვჰგუარე იგი მოწაფეთა შენთა, და ვერ შეუძლეს განკურნებად მისა. 17. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: ჵ ნათესავი ურწმუნო და გულარძნილი, ვიდრემდის ვიყო თქუენ თანა? ვიდრემდის თავს-ვიდებდე თქუენსა? მომგუარეთ მე იგი აქა! 18. და ვითარცა მოჰგუარეს, შეჰრისხნა მას იესუ, და განვიდა მისგან ეშმაკი იგი. და განიკურნა ყრმაჲ იგი მიერ ჟამითგან. 19. მაშინ მოუჴდეს იესუს მოწაფენი თჳსაგან და ჰრქუეს მას: რაჲსათჳს ჩუენ ვერ შეუძლეთ განჴდად მისა? 20. ხოლო იესუ ჰრუქა მათ: ურწმუნოებისა თქუენისათჳს. ამენ გეტყჳ თქუენ: უკუეთუ გაქუნდეს სარწმუნოებაჲ, ვითარცა მარცუალი მდოგჳსაჲ, ჰრქუათ მთასა ამას: მიიცვალე ამიერ იქი, და მიიცვალოს, და არარაჲ შეუძლებელ იყოს თქუენ მიერ. 21. ხოლო ესე ნათესავი არარაჲთ განვალს, გარნა ლოცვითა და მარხვითა. 22. და ვითარცა იქცეოდეს იგინი გალილეას, ჰრქუა მათ იესუ, ვითარმედ: ეგულების ძესა კაცისასა მიცემად ჴელთა კაცთასა, 23. და მოკლან იგი, და მესამესა დღესა აღდგეს. ხოლო იგინი შეწუხნეს ფრიად.
ლიტურგიაზე: ფილიპელთა მიმართ 2,5-11
5. ესე ზრახვაჲ იზრახებოდენ თქუენ შორის, რომელცა-იგი ქრისტე იესუჲს მიერ. 6. რომელი-იგი ხატი ღმრთისაჲ იყო, არა ნატაცებად შეირაცხა ყოფად იგი სწორებად ღმრთისა, 7. არამედ თავი თჳსი დაიმდაბლა და ხატი მონისაჲ მიიღო და მსგავს კაცთა იქმნა და ხატითა იპოვა ვითარცა კაცი; 8. დაიმდაბლა თავი თჳსი და იქმნა იგი მორჩილ ვიდრე სიკუდიდმდე და სიკუდილითა მით ჯუარისაჲთა. 9. ამისთჳსცა იგი ღმერთმან უმეტესად აღამაღლა და მიანიჭა მას სახელი უზეშთაესი უფროჲს ყოველთა სახელთაჲსა, 10. რაჲთა სახელისა მიმართ იესუ ქრისტესისა ყოველი მუჴლი მოდრკეს ზეცისათანი და ქუეყანისათანი და ქუესკნელთანი, 11. და ყოველმან ენამან აღუაროს, რამეთუ უფალი იესუ ქრისტე სადიდებელად ღმრთისა მამისა.
ლუკა 10,38-42;11,27-28
38. და იყო ვითარცა წარვიდეს ესენი, და თავადი შევიდა დაბასა რომელსამე. და იყო ვინმე მუნ დედაკაცი, რომლისა სახელი მართა, და შეიყვანა თავადი სახიდ თჳსა. 39. და იყო დაჲ მისი, რომელსა ერქუა მარიამ, რომელი დაჯდა ფერჴთა თანა იესუჲსთა და ისმენდა სიტყუათა მისთა. 40. ხოლო მართა მიმოდაზრუნვიდა მრავლისა მსახურებისათჳს, ზედა მიადგა და ჰრქუა: უფალო, არა იღუწი, რამეთუ დამან ჩემმან მარტოჲ დამიტევა მე მსახურებად. არქუ მას, რაჲთა შემეწეოდის მე. 41. მიუგო იესუ და ჰრქუა მას: მართა, მართა! ზრუნავ და შფოთ ხარ მრავლისათჳს, აქა ერთისაჲ არს საჴმარ. 42. ხოლო მარიამ კეთილი ნაწილი გამოირჩია, რომელი არასადა მიეღოს მისგან. … 27. და იყო ვიდრე იტყოდაღა იგი ამას, აღ-ვინმე-იღო დედაკაცმან ჴმაჲ ერსა მას შორის და ჰრქუა მას: ნეტარ არს მუცელი, რომელმან გიტჳრთა შენ, და ძუძუნი რომელთა სწოვდი. 28. ხოლო თავადმან თქუა: არამედ ნეტარ არიან, რომელთა ისმინონ სიტყუაჲ ღმრთისაჲ და დაიმარხონ იგი.


