საკითხავები
ცისკარზე: ლუკა 21,12-19
12. ხოლო ამათ ყოველთა წინა დაგასხნენ თქუენ ზედა ჴელნი მათნი და გდევნიდენ და მიგცნენ თქუენ შესაკრებელთა და საპყრობილეთა, და მეფეთა წინაშე და მთავართა მიგიყვანნენ სახელისა ჩემისათჳს. 13. და გექმნეს თქუენ ესე საწამებელ. 14. დაისხენით ესე გულთა თქუენთა, რაჲთა არა წინაჲსწარ იწურთიდეთ, რაჲ სიტყუაჲ მიუგოთ. 15. რამეთუ მე მოგცე თქუენ პირი და სიბრძნე, რომელსა ვერ უძლონ წინა-აღდგომად და სიტყჳს-გებად ყოველთა წინა-აღმდგომთა თქუენთა. 16. რამეთუ მიეცნეთ თქუენ მამა-დედათაგან და ძმათა და მეგობართა და ნათესავთა, და მოჰკლვიდენ თქუენგანთა. 17. და იყვნეთ თქუენ მოძულებულ ყოველთაგან სახელისა ჩემისათჳს. 18. და თმაჲ თავისა თქუენისაჲ არა წარწყმდეს. 19. და მოთმინებითა თქუენითა მოიპოვნეთ სულნი თქუენნი.
ლიტურგიაზე: მოწამეთა: ებრაელთა მიმართ 12,1-10
1. აწ უკუე ჩუენცა, ესოდენი მაქუს გარე-მოდგომილი ჩუენდა სიმრავლე წმიდათა მოწამეთაჲ, სიმძიმე ყოველი განვიშოროთ და მსწრაფლ მომავალი იგი ცოდვაჲ და მოთმინებით ვრბიოდით წინა-განმზადებულსა მას ჩუენსა ღუაწლსა. 2. და ვხედვიდეთ სარწმუნოებისა ჩუენისა წინამძღუარსა და სრულებისა მოქმედსა იესუს, რომელმან-იგი წინა-განმზადებულისა მის წილ სიხარულისა დაითმინა ჯუარი და სირცხჳლი შეურაცხ-ყო და მარჯუენით საყდართა ღმრთისათა დაჯდა. 3. გან-უკუე-იზრახეთ, რომელმან-იგი ესევითარი დაითმინა ცოდვილთაგან მისა მიმართი იგი სიტყჳს-გებაჲ, რაჲთა არა დაშურეთ სულითა თქუენითა და მოჰმედგრდეთ. 4. რამეთუ არღა სისხლთადმდე წინა-დადგრომილ ხართ თქუენ ცოდვისა მიმართ ახოვნად 5. და მოჰმედგრდეთ ნუგეშინის-ცემისაგან, რომელი ვითარცა შვილთა გეტყჳს თქუენ: შვილო ჩემო, ნუ სულ-მოკლე იქმნები სწავლასა უფლისასა, ნუცაღა დაჰჴსნდები მის მიერ მხილებასა. 6. რამეთუ რომელი უყუარნ უფალსა, სწავლის; და ტანჯის ყოველი შვილი, რომელი შეიწყნარის. 7. უკუეთუ სწავლასა დაუთმოთ, ვითარცა შვილთა შეგიწყნარებს თქუენ ღმერთი. რამეთუ ვინ-მე არს შვილი, რომელი არა სწავლის მამამან? 8. ხოლო უკუეთუ შორს ხართ სწავლასა, რომლისა ზიარ-ქმნულ არიან ყოველნი, მწირნი ვიდრემე ხართ და არა შვილნი. 9. აწ უკუეთუმცა გუესხნეს ჴორციელნი მამა-დედანი მასწავლელად, გუეკდიმებოდა სამემცა; არა-მე უფროჲს დავემორჩილნეთა მამასა მას სულთასა და ვცხონდეთ? 10. რამეთუ რომელნიმე იგი მცირედთა დღეთა მათისაებრ ნებისა სწავლიდეს, ხოლო ესე უმჯობესისათჳს, რაჲთა მოიღონ სიწმიდისაგან მისისა.
მათე 20,1-16
1. რამეთუ მსგავს არს სასუფეველი ცათაჲ კაცსა სახლისა უფალსა, რომელი განვიდა განთიად დადგინებად მუშაკთა ვენაჴსა თჳსსა. 2. და აღუთქუა მათ სასყიდელი თითოეულსა დრაჰკანი დღესა შინა და წარავლინნა იგინი ვენაჴსა თჳსსა. 3. და განვიდა იგი მესამესა ჟამსა და პოვნა სხუანი, მდგომარენი უბანთა ზედა უქმად, 4. და ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიგცე თქუენ. 5. ხოლო იგინი წარვიდეს. და მერმე განვიდა მეექუსესა და მეცხრესა ჟამსა და ყო ეგრეთვე. 6. ხოლო მათერთმეტესა ჟამსა განვიდა და პოვნა სხუანი მდგომარენი და ჰრქუა მათ: რაჲსა სდეგით თქუენ აქა დღე ყოველ უქმად? 7. ხოლო მათ ჰრქუეს მას, ვითარმედ: არავინ დამიდგინნა ჩუენ. ჰრქუა მათ: წარვედით თქუენცა ვენაჴსა ჩემსა და, რაჲ-იგი იყოს სამართალი, მიიღოთ. 8. და ვითარცა შემწუხრდა, ჰრქუა უფალმან სავენაჴისამან ეზოჲს-მოძღუარსა თჳსსა: მოუწოდე მუშაკთა მათ და მიეც მათ სასყიდელი; იწყე უკუანაჲსკნელთაგან, ვიდრე პირველთამდე. 9. მოვიდეს მეათერთმეტისა ჟამისანი იგი და მიიღეს თითოჲ დრაჰკანი. 10. მოვიდეს პირველისანიცა იგი და ჰგონებდეს, ვითარმედ უფროჲსი მიიღონ, და მიიღეს მათცა თითოჲ დრაჰკანი. 11. ხოლო მი-რაჲ-იღეს, დრტჳნვიდეს სახლისა უფლისა მისთჳს 12. და იტყოდეს, ვითარმედ: უკუანაჲსკნელთა მათ ერთი ხოლო ჟამი დაყვეს, და სწორ ჩუენდა ჰყუენ იგინი, რომელთა ვიტჳრთეთ სიმძიმე დღისაჲ და სიცხე. 13. ხოლო მან მიუგო ერთსა მათგანსა და ჰრქუა: მოყუასო, არარას გავნებ შენ, ანუ არა ერთი დრაჰკანი აღგითქუ შენ? 14. მიიღე შენი და ვიდოდე. ხოლო მე მნებავს უკუანაჲსკნელსა ამას მიცემად, ვითარცა შენ. 15. ანუ არა ჯერ-არსა ჩემდა, რაჲცა მინდეს, ყოფად ჩემსა ზედა? არამედ თუალი შენი ვიდრემე ბოროტ არს, ხოლო მე სახიერ ვარ. 16. ესრეთ იყვნენ წინანი უკანა, და უკანანი წინა, რამეთუ მრავალნი არიან ჩინებულ, და მცირედნი რჩეულ.
მწუხრზე: შესაქმე 22,1-18
1. და იყო, შემდგომად სიტყჳსა ამის ღმერთმან გამოსცადა აბრაჰამ და ჰრქუა მას: აბრაჰამ, აბრაჰამ. ხოლო მან თქუა: აჰა, მე. 2. და ჰრქუა მას: მოიყუანე ძე შენი ისაკი და წარვედ ქუეყანასა მაღალსა და შეწირე იგი მუნ ყოვლად დასაწველად ერთსა ზედა მთათაგანსა, რომელსა მე გრქუა შენ. 3. აღდგა აბრაჰამ განთიად და აღსხნა კარაულსა თჳსსა და წარიყვანნა მის თანა ორნი მონანი და ისაკ, ძე თჳსი, და დაკოდა შეშაჲ მსხუერპლისათჳს, და აღდგა და წარვიდა, და მოვიდა ადგილსა მას, რომელსაცა ჰრქუა მას ღმერთმან მესამესა დღესა. 4. და აღიხილნა აბრაჰამ თუალნი თჳსნი და იხილა ადგილი იგი შორით. 5. და ჰრქუა აბრაჰამ მონათა თჳსთა: დასხედით მანდა კარაულისა თანა, და მე და ყრმაჲ ვსე წარვიდეთ ვიდრე იქიმდე და თაყუანისს-ვსცეთ და თქუენდავე მოვაქციოთ. 6. წარიღო აბრაჰამ შეშაჲ მსხუერპლისაჲ და აღჰკიდა ისაკს, ძესა თჳსსა. და მოიღო ცეცხლიცა ჴელითა თჳსითა და დანაკი. და წარვიდეს ორნი-ვე ზოგად. 7. ჰრქუა ისაკ აბრაჰამს, მამასა თჳსსა: თქუ, მამაო. ხოლო მან ჰრქუა: რაჲ არს, შჳლო? და ისაკ ჰრქუა: აჰა ცეცხლი და შეშაჲ; სადა არს ცხოვარი მსხუერპლისაჲ? 8. ხოლო აბრაჰამ ჰრქუა: ღმერთმან იგულოს თავისა თჳსისა ცხოვარი მსხუერპლად, შჳლო. და წარვიდეს ორნივე ზოგად. 9. და მიიწივნეს ადგილსა მას, რომელსა ჰრქუა მას ღმერთმან. და აღაშენა აბრაჰამ საკურთხეველი და დაასხა შეშაჲ. და შეკრა ისაკი, ძე თჳსი, და დადვა იგი საკურთხეველსა მას ზედა შეშასა თანა. 10. და განყო ჴელი თჳსი მოღებად მახჳლისა დაკლვად ძისა თჳსისა. 11. ხოლო უწოდდა ანგელოზი უფლისა ზეცით და ჰრქუა: აბრაჰამ. აბრაჰამ. და მან თქუა: აჰა მე. 12. და ჰრქუა მას. ნუ მიჰყოფ ჴელსა შენსა ყრმისა მაგის ზედა, ნუ-ცა რას უყოფ მას. აწ უწყი, რამეთუ გეშინის შენ ღმრთისაჲ და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს. 13. და აღიხილნა თუალნი თჳსნი აბრაჰამ და იხილა: და აჰა, ვერძი ერთი გამოკიდებულ იყო რქათაგან ნერგსა საბეკსა, რქათა მიერ. და მივიდა აბრაჰამ და მოიბა ვერძი იგი და შეწირა იგი მსხუერპლად უფლისა ისაკის წილ, ძისა თჳსისა. 14. და უწოდა აბრაჰამ სახელი ადგილსა მას "უფალმან იხილა", რომელსა ჰრქჳან დღესა მთასა მას "უფალი გამოჩნდა". 15. და უწოდა ანგელოზი უფლისა აბრაჰამს მეორედ ზეცით და ჰრქუა. 16. თავსა ჩემსა ვფუცე, თქუა უფალმან, ვინათგან ჰყავ სიტყუაჲ ესე. და არა ჰრიდე ძესა შენსა საყუარელსა ჩემთჳს. 17. კურთხევით გაკურთხო შენ და განმრავლებით განვამრავლო ნათესავი შენი, ვითარ-ცა ვარსკულავნი ცისანი და ვითარცა ქჳშაჲ ზღჳსკიდისაჲ. და დაიმკჳდროს ნათესავმან შენმან ქალაქები იგი მტერთა. 18. და იკურთხეოდიან შენდა მომართ და ნათესავისა შენისა მომართ ყოველნი ტომნი ქუეყანისანი, ამისთჳს რამეთუ ისმინე ჴმისა ჩემისა.
იგავთა 17,17-18,5
17. ძმანი ჭირსა შინა საჴმარ არიან, ამისთჳსცა იშვნიან. 18. კაცი უგუნური ტყუელავნ და მოსცხრებინ თავისა თჳსისა, რაჟამს თავს-იდებნ თავს-დებასა თჳსთა მეგობართასა, 19. ხოლო ცოდვისმოყუარესა უხარინ ლალვაჲ, 20. ხოლო გულფიცხელი არა შეემთხჳოს კეთილსა; კაცი, რომელი გარდაიქცეოდის ენითა თჳსითა, შევარდეს იგი ძჳრსა. 21. გული უგუნურთა სალმობაჲ მომგებელისა თჳსისაჲ; არა იხარებნ მამაჲ ძესა ზედა უსწავლელსა; ხოლო შვილმან ბრძენმან მხიარულ-ყვის დედაჲ თჳსი. 22. გულმან მხიარულმან კეთილ და ბრწყინვალე ქმნის, ხოლო კაცისა მწუხარისაგან ჴმებიან ძუალნი. 23. რომელი მიიღებდეს ქრთამსა წიაღთა სიცრუვით, არა წარემართნენ მას გზანი, რამეთუ გარდაჰგულარძნის გზანი სიმართლისანი. 24. პირი კაცისა გულისჴმის-მყოფელისა ბრძენ, ხოლო თუალნი უგუნურთანი კიდეთა ქუეყანისათა. 26. ზღუევაჲ კაცისა მართლისა არა კეთილ არს, არცა ღირს ძჳრისზრახვაჲ ძლიერთა მართალთათჳს. 27. რომელი ერიდებოდის სიტყუასა ფიცხელსა წარმოღებად, იგი გონიერ არს და სულგრძელ კაცი ბრძენ. 28. ჰკითხეს რაჲმე უგუნურსა სიბრძნე, სიბრძნედ შეირაცხის, რამეთუ გონებაჲ მოკჳრნედ თავი თჳსი ყო და ჰგონია, ვითარმედ ბრძენ არს. 1. მიზეზსა ეძიებნ კაცი, რომელსა ეგულებინ განშორებაჲ მეგობართაგან თჳსთა, ხოლო ყოველსა ჟამსა საყუედრელ იყოს. 2. არა რაჲ უჴმს სიბრძნე ნაკლულევანსა გონებითა, რამეთუ უფროჲსღა ირთავნ უგუნურებასა. 3. რაჟამს მიიწიის უღმრთოჲ სიღრმესა უკეთურებისასა, მაშინ შეურაცხყვის. ხოლო მოუჴდეს მას შეურაცხებაჲ და ყუედრებაჲ. 4. წყალი ღრმაჲ არს სიტყუაჲ გულსა კაცისასა, ხოლო მდინარე გამომცენარე წყაროჲ სიბრძნისაჲ. 5. თუალ-ღებაჲ უღმრთოჲსა არა კეთილ, არცა ღირს განდრეკად სამართალისა საშჯელსა შინა.


